logo
ENG



თალიბანმა ავღანელ ქალებს ქაბულის უნივერსიტეტში სწავლა და მუშაობა აუკრძალა

28 სექ 202115:39
3 წუთის საკითხავი
 
თალიბანმა ავღანელ ქალებს ქაბულის უნივერსიტეტში სწავლა და მუშაობა აუკრძალა
AP

თალიბებმა ავღანელ ქალებს ქაბულის უნივერსიტეტში სწავლა და მუშაობა აუკრძალეს. როგორც თალიბანის მიერ დანიშნულმა უნივერსიტეტის ახალმა კანცლერმა განაცხადა, შეზღუდვა მანამ გაგრძელდება, სანამ "სრულად ისლამური გარემო არ შეიქმნება".

მუჰამედ აშრაფ გაირათმა მანამდე ტვიტერზე დაწერა, რომ უნივერსიტეტი მუშაობს ქალი სტუდენტების სწავლების გეგმაზე, თუმცა არ დააკონკრეტა, როდის შეიქმნება ახლი გეგმა.

"ქალი პედაგოგების სიმცირის გამო ვმუშაობთ გეგმაზე, რომ კაცმა პედაგოგებმა ქალებს საკლასო ოთახში ფარდის მიღმა ასწავლონ. ასე შემთხვევაში, ქალი სტუდენტებისთვის ისლამური გარემო შეიქმნება", - დაწერა გაირათმა.

თალიბანი ავღანეთს 1996-2001 წლებში მართავდა. ამ პერიოდში ქალებს მეორეხარისხოვან მოქალაქეებად ეპყრობოდნენ, აიძულებდნენ ქორწინებას და უზღუდავდნენ უფლებებს.

მიმდინარე წლის აგვისტოში აშშ-ს ჯარების გასვლის შემდეგ თალიბანმა ავღანეთზე კონტროლი დაიბრუნა. თალიბანის ხელმძღვანელობა აცხადებდა, რომ ქალების მიმართ მკაცრი ზომები გამოყენებული არ იქნება. თუმცა დაპირება არ შესრულდა. 

ახალ მთავრობაში ქალები წარმოდგენილნი არ არიან, ამასთან, ქალები ქუჩაში აღარ ჩნდებიან და აღარ მუშაობენ. ზოგიერთ შემთხვევაში თალიბანის მებრძოლებმა ქალებს უბრძანეს მუშაობა შეეწყვიტათ და როცა ქალებმა უფლებების დაცვისთვის აქციები მოაწყვეს, ისინი თალიბებმა შოლტებითა და ჯოხებით სცემეს.


close დახურვა