logo
ENG



თამაზაშვილი: გაუგებარია გომელაურის განცხადება, შოთაძემ თქვა, რომ FBI-ში მოთხოვნა გაგზავნეს

11 აგვ 202013:13
3 წუთის საკითხავი
clock 702

თამარ ბაჩალიაშვილის დედა თეონა თამაზაშვილი ამბობს, რომ მისთვის გაუგებარია შს მინისტრის, ვახტანგ გომელაურის განცხადება, რომელიც FBI-ის ჩართულობას უკავშირდება.

კერძოდ, მინისტრმა განაცხადა, რომ FBI ბაჩალიაშვილის საქმეში საჭიროების შემთხვევაში, ექსპერტიზის მიმართულებით ჩაერთვება. 

თამაზაშვილის განცხადებით, როდესაც გენერალურ პროკურორ ირაკლი შოთაძეს შეხვდა, მან პირადად ანახა წერილი, რომელშიც ისინი ამერიკის ფედერალურ ბიუროს, საქმეში ჩართვას სთხოვდნენ. ბაჩალიაშვილის დედა ახსნა-განმარტებას მოითხოვს, რატომ კეთდება ორი უწყებისგან სხვადასხვა განცხადება.

"ჩემთვის გაუგებარია შს მინისტრის ვახტანგ გომელაურის განცხადება, ვინაიდან ჩვენ მივიღეთ გენერალური პროკურორისგან გარანტია იმის, რომ გაგზავნილია წერილი FBI-ს ჩართულობაზე.

დღეს შს სამინისტროში ვართ დაბარებულები და აუცილებლად მოვითხოვ ბატონ ირაკლი შოთაძესთან ამის თაობაზე შეხვედრას. მაინტერესებს, რატომ ხდება სხვადასხვა ტიპის განცხადებების გაკეთება ორი უწყების მხრიდან. როდესაც ირაკლი შოთაძეს შევხვდით, წერილი გვაჩვენეს, რომ FBI-ს ჩართვაზე მოთხოვნა გაგზავნილიაო

თუ FBI ჩამოვა და თვითონ დამიდებს, რომ ჩემმა შვილმა თვითმკვლელობით დაასრულა სიცოცხლე, დავიჯერებ. ამათი დადებული ექსპერტიზის პასუხი ჩემთვის მიუღებელია, 100%-ით ვარ დარწმუნებული, იტყვიან, თვითმკვლელობააო და FBI-ს ჩართვა საჭირო არ არისო. სასტიკად არ უნდათ FBI-ს ჩართვა, ეს მიგვანიშნებს, რომ მათი ხელი ურევია ამ ყველაფერში", - აცხადებს თეონა თამაზაშვილი. 

23 წლის თამარ ბაჩალიაშვილი 5-დღიანი ძებნის შემდეგ, 22 ივლისს, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის ტყეში გარდაცვლილი იპოვეს. ბაჩალიაშვილის საქმეზე გამოძიება თავისუფლების უკანონო აღკვეთისა და თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლებით მიმდინარეობს.


close დახურვა