ჯანდაცვის სამინისტროში ჯანდაცვის მინისტრის ეკატერინე ტიკარაძის პირველადი სამედიცინო დაწესებულების ხელმძღვანელების შეხვედრა ამ წუთებში დასრულდა. როგორც მინისტრის მოადგილემ თამარ გაბუნიამ განაცხადა, 56 დაწესებულება, რომელიც მცირე რაოდენობის კონტიგენტს ემსახურებოდა, სახელმწიფო პროგრამაში აღარ მიიღებს მონაწილეობას.
„ჯამში სახელმწიფო პროგრამაში მონაწილეობას აღარ გააგრძელებს 56 სამედიცინო დაწესებულება, ეს დაწესებულებები ემსახურებოდნენ მოსახლეობის მცირე რაოდენობას 200-300 ადამიანს, იყვნენ გაფანტულები. ჯამურად მიმაგრებული იყვნენ 90 000 ადამიანები. იქ დასაქმებული ოჯახის ექიმებისთვის, რომელთა დიდი ნაწილისთვის ეს იყო მეორადი სამსახური, მათთვის ყოველთვის მოიძებნება ადგილი ძირითად დაწესებულებებში, ვინც პროგრამაში მონაწილეობას გააგრძელებს“, - განაცხადა გაბუნიამ.
გარდა ამისა, ის კლინიკები, რომელთა რეგისტრირებული კონტიგენტი 13 000-ს ვერ აღწევს, მაგრამ არიან გეოგრაფიულად მნიშვნელოვან ადგილას, გააგრძელებენ სახელმწიფო პროგრამაში მონაწილეობას.
სამინისტროს გადაწყვეტილება კლინიკებს ფინანსური პრობლემების წინაშე დააყენებს და უმუშევარს დატოვებს იქ დასაქმებულ ექიმებისა და ექთნების ნაწილს.
მთავრობის ამ გადაწყვეტილების შეჩერებას ითხოვს ოპოზიცია. ხელისუფლების ოპონენტები ამბობენ, რომ მთავრობა კლინიკის მიერ გაწეული სამედიცინო ხარისხით არ საზღვრავს კლინიკის ეფექტურობას, არამედ მათთვის მთავარი კრიტერიუმი გეოგრაფიული მასშტაბია. ოპოზიციის თქმით, ხელისუფლებამ მკაფიო გეგმა უნდა წარმოადგინოს კორონავირუსით გამოწვეული კრიზისის ფონზე რა ეშველება უმუშევრად დარჩენილ სამედიცინო პერსონალს.
მთავრობის ეს გადაწყევტილება ე.წ. 520 დადგენილების პოლიტიკის გაგრძელებაა. მაშინ დარტყმის ქვეშ ჰოსპიტალური სექტორი მოექცა.