თამარ კორძაიამ რესპუბლიკური პარტია დატოვა. ამის შესახებ ის facebook-ზე წერს და წამოსვლის მიზეზებს განმარტავს.
კორძაიას მიაჩნია, რომ რესპუბლიკური პარტიის წევრებს ოპოზიციონერ კოლეგებთან თანამშრომლობა პარლამენტში უფრაქციოდ, დამოუკიდებელი საქმიანობით უნდა გაეგრძელებინათ.
ის მადლობას უხდის პარტიას თანამშრომლობისთვის და ამბობს, რომ პარლამენტში უპარტიო და უფრაქციო წევრის სტატუსით გააგრძელებს საქმიანობას.
"გუშინ, 2021 წლის 3 ივნისს დასრულდა ჩემი 6 წლიანი თანამშრომლობა რესპუბლიკურ პარტიასთან და პარტიის თავმჯდომარეს მივმართე განცხადებით წევრობის დატოვების თაობაზე. მადლობას ვუხდი ყველას იმ მრავალფეროვანი გამოცდილებისათვის, რაც შევიძინე ამ წლების განმავლობაში.
ვფიქრობ, პარტნიორ ოპოზიციურ პარტიებთან სამომავლო თანამშრომლობა უნდა გაგვეგრძელებინა რესპუბლიკური პარტიის ორ წევრს, უფრაქციოდ/დამოუკიდებლად საქმიანობით. პარლამენტის ტრიბუნიდან თამამი რესპუბლიკური იდეების გახმოვანებით და ბრძოლით. მართალია, არ ვეთანხმები, მაგრამ მესმის რესპუბლიკური პარტიის გადაწყვეტილების. წარმატებებს ვუსურვებ. პარლამენტში საქმიანობას გავაგრძელებ, როგორც უპარტიო და უფრაქციო პარლამენტის წევრი", - წერს კორძაია.
3 ივნისს, პარლამენტში მეორე ოპოზიციური ფრაქცია "შარლ მიშელის რეფორმების ჯგუფი" შეიქმნა.
ფრაქციაში შვიდი დეპუტატია, მათ შორის ერთ-ერთი რესპუბლიკური პარტიის წევრი, ხათუნა სამნიძე.