"სოციალური სამართლიანობის ცენტრის" დირექტორის, უფლებადამცველ თამთა მიქელაძის ცნობით, აზერბაიჯანელი ჟურნალისტი აფგან სადიგოვი ბაქოში, ნათესავების სახლში იმყოფება. ამის შესახებ მიქელაძე სოციალურ ქსელში წერს.
"რამდენიმე წუთის წინ გავიგეთ, რომ სადიგოვი ბაქოშია, მისი ნათესავების სახლში. როგორც ჩანს, ბაქოში დაკითხვის შემდეგ, მას სახლში წასვლის უფლება მისცეს. ჩვენ რამდენიმე საათში შევძლებთ მასთან საუბარს და მეტი გარემოების გაგებას. თქვენც აუცილებლად გაგიზიარებთ დეტალებს. მნიშვნელოვანია, მოვლენებს დავაკვრიდეთ ძალიან მჭიდროდ.
შეიძლება რეჟიმის გეგმა იყოს რამდენიმე კვირაში ან თვეში მის წინააღმდეგ ახალი ბრალდების წაყენება და არსებული პროცესისგან დამოუკიდებლად, სრულიად ახალი საქმის შეკერვა. ამ მასშტაბის სპეცოპერაციის შემდეგ შეუძლებელია ენდო ავტოკრატებს.
ყველაზე მნიშვნელოვანი ტესტი იმისა, თუ ალიევის რეჟიმის სინამდვილეში რა უნდა, იქნება ის, უახლოეს დღეებში აფგან სადიგოვს მისცემენ თუ არა აზერბაიჯანის დატოვებისა და მის ოჯახთან გაერთიანების უფლებას", - წერს მიქელაძე სოციალურ ქსელში.
მანამდე, აზერბაიჯანული გამოცემა Qazetci.org-მა საქართველოდან გაძევების შემდეგ სადიგოვის პირველი კომენტარი გაავრცელა.
"მიგრაციის სამსახურის თანამშრომლებს გადამცეს. ყაზახიდან ბაქოში მიგრაციის მთავარ სამმართველოში მიმიყვანეს. სამმართველოში მითხრეს, რომ ჩემს წინააღმდეგ აღძრულ სისხლის სამართლის საქმეს შეწყვეტილია. ამიტომ ჩემი დაკავებისთვის არ არსებობს არანაირი კანონიერი საფუძველი.
გათავისუფლებული ვარ და ბაქოში ვიმყოფები. თბილისის სასამართლოს გადაწყვეტილება უკანონოა. ჩემი აზერბაიჯანში დეპორტაციის აკრძალვის შესახებ ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოს გადაწყვეტილება უხეშად იქნა დარღვეული.
ამ უკანონო გადაწყვეტილების გამო საქართველოს მთავრობა პასუხს აგებს. უცხოეთიდან დეპორტირებულებს დაუყოვნებლივ კი არა, გარკვეული დროის შემდეგ აკავებენ. საქართველოდან დაბრუნებული რაშად რამაზანოვი, ასევე გერმანიიდან დეპორტირებულები ბაქოში დაბრუნებიდან გარკვეული პერიოდის შემდეგ დააკავეს", - ამბობს სადიგოვი.
