logo
ENG



თამლიანის ადვოკატი:მთელი საზოგადოება ხედავს, რომ ეს არის პოლიტიკური დევნა

13 იან 202009:22
3 წუთის საკითხავი
 

დღეს 20 ივნისს დაკავებულების მორიგი სასამართლო პროცესი გაიმართება. თბილისის საქალაქო სასამართლოში ბესიკ თამლიანის, ზურაბ ბუდაღაშვილის, ცოტნე სოსელიასა და კახაბერ კუპრეიშვილის საქმეზე ბრალდების მოწმეები დაიკითხებიან. ადვოკატის, ვახტანგ იაშვილის ინფორმაციით, თავად ბრალდებულები პროცესს პროტესტის ნიშნად არ დაესწრებიან.

„მთელი საზოგადოება ხედავს, რომ ეს არის პოლიტიკური დევნა ამ ბიჭების მიმართ. ხორციელდება რეპრესიები. ჩვენ მოქმედებას დიქტატურის წინააღმდეგ ბრძოლის კონტექსტში განვიხილავდი“, - აცხადებს იაშვილი.

შეგახსნებთ, რომ 20-21 ივნისის ღამით ჯგუფურ ძალადობაში ბრალდებულ ბესიკ თამლიანს და მასთან ერთად დაკავებულებს, გამოძიება სისხლის სამართლის 225-ე მუხლის მეორე ნაწილით გათვალისწინებულ დანაშაულს ედავება, რაც ჯგუფურ მოქმედებაში მონაწილეობას გულისხმობს და სასჯელის სახით 4-დან 6 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. ზურაბ ბუდაღაშვილი აცხადებდა, რომ ოპოზიციის ლიდერების, გიგი უგულავასა, ნიკა მელიას და ირაკლი ოქრუაშვილის, წინააღმდეგ ჩვენების მიცემას აიძულებდნენ და სწორედ ამიტომ გადაიყვანეს სამარტოო საკანში. 

დაკავებულების მშობლების თხოვნით, პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ სოფო კილაძემ ბუდარაშვილი და თამლიანი მოინახულა. კილაძის თქმით, პატიმრების ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. კილაძემ იქვე აღნიშნა, რომ ბუდაღაშვილის თხოვნა გათვალისწინებულ იქნება და მას სხვა საკანში გადაიყვანენ.

გავრილოვის ღამე: 20 ივნისს თბილისში მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის 26-ე გენერალური სესია გაიმართა. პარლამენტის სპიკერისთვის განკუთვნილი ადგილიდან, დელეგატებს ასამბლეის პრეზიდენტმა, რუსეთის დუმის დეპუტატმა, კომუნისტური პარტიის წევრმა, სერგეი გავრილოვმა მიმართა. ამ ფაქტს საკანონმდებლო ორგანოს წინ მასშტაბური აქციები მოყვა. 

20-21 ივნისს ხელისუფლებამ აქცია პოლიციელების, სპეცრაზმისა და სპეციალური ტექნიკის საშუალებით დაარბია. აქციის დაშლისას გმაოყენებული იქნა რეზინის ტყვიები, რომელთაშესახებ ინფორმაციას ხელისუფლება ამ დრომდე მალავს. ოფიციალური მონაცემებით, 240 ადამიანი სხვადასხვა დაზიანებით გადაიყვანეს სავადმყოფოებში. მაკო გომურმა და გიორგისულაშვილმა კი თვალი დაკარგეს - ისინი თითქმის 6 თვის შემდეგ ცნეს დაზარალებულებად.

აქციების მიმდინარეობისას გაჟღერდა სამი მთავარი მოთხოვნა - იმდროინდელი შს მინისტრის გიორგი გახარიას გადადგომა, 2020 წელს საპარლამენტო არჩევნების პროპორციული საარჩევნო სისტემით ჩატარება და აქციის დროს დაკავებულების გათავისუფლება. გახარია პრემიერ მინისტრად დაწინაურეს, ხოლო მმართველმა გუნდმა და პირადად, მისმა თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა საზოგადოებას პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის დაპირება მისცა. თუმცა, „მაჟორიტარი დეპუტატების ამბოხის“ შედეგად, საარჩევნო სისტემის ცვლილების კანონპროექტი პარლამენტმა ჩააგდო.

ამის შემდეგ პარლამენტის წინ მიმდინარე აქციები განახლდა. აქციის მონაწილეებს ერთადერთი მოთხოვნა აქვთ - ჩატარდეს არჩევნები პროპორციული საარჩევნო სისტემით. ამჟამად ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის, საარჩევნო მოდელთან დაკავშირებით, დიპლომატიური კორპუსის ჩართულობით, მოლაპარაკებები მიმდინარეობს.

 


close დახურვა