logo
ENG



თამლიანის დედა: ჩემი შვილი პოლიტპატიმარია

17 დეკ 201908:59
3 წუთის საკითხავი
 
xuqctsraz3ux7b5.jpg

გაუარესებული ჯანმრთელობა და ზეწოლა პატიმრებზე - 20 ივნისს დაკავებული ბესიკ თამლიანისა და ზურაბ ბუდაღაშვილის დედები შვილების მდგომარეობით შეშფოთებულები არიან. ისინი „ფორმულასთან“ ყვებიან, რომ სახელმწიფო მათ ვაჟებს ყურადღებას არ აქცევს.

როგორც „ფორმულას“ ბუდაღაშვილის დედამ მაგული გობეჯიშვილმა განუცხადა, მისი შვილი საპატიმროში გაუსაძლის პირობებში იმყოფება.

„გადაიყვანეს სამარტოო საკანში. უაზრო ხმაურის ქვეშ და ძალიან გაუსაძლის პირობებშია. სასამართლოსგან არ ვიცი რას ველოდები, თუმცა მოულოდნელობებითაა სავსე ყველაფერი. ჩვენ ვთხოვეთ დღეს სოფო კილაძეს, რომ დაგვეხმაროს. თუმცა, მეექვსე თვე გავიდა და ხელისუფლებიდან არავინ შეგვხმიანებიან“, - აცხადებს გობეჯიშვილი.

რუსუდან თამლიანი კი აცხადებს, რომ მისი შვილი პოლიტპატიმარია.

„6 თვის განმავლობაში ამათმა მტკიცებულებები ვერ მოიპოვეს. ახალგაზრდა ბიჭები 20 ივნისს ვინც დააპატიმრებს ივანიშვილი-გახარიას პირადი მძევლები არიან. რომ დაგვიკავშირდეს ჩვენი შვილები იქიდან, იმის უფლება არ აქვთ, რადგან პოლიტპატიმრები არიან“, - აცხადებს თამლიანი.

დაკავებულების ადვოკატი ვახო იაშვილი კი სასამართლო პროცესისგან სიახლეს არ ელის. თამლიანისა და ბუდაღაშვილის პროცესი  საქალაქო სასამართლოში სწორედ დღესაა დანიშნული, რომელზეც ბრალდების მხარის მოწმეები დაიკითებიან. 

„განხორციელდა დაკითხვა დაკითხვისთვის. რაიმე სიახლეს, რაც ინკრიმინირებულ ქმედებას დაადასტურებდა, ასეთი რამ სასამართლოში წარმოდგენილი ვერ იქნება“, - აცხადებს უფლებადამცველი.

შეგახსნებთ, რომ ბუდაღაშვილი და თამლიანი პოლიციამ 20-21 ივნისის საქმესთან დაკავშირებით 4 ივლისს დააკავა. 

მათ აქციაზე ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობა ედებათ ბრალად. ზურაბ ბუდაღაშვილი აცხადებდა, გრომ ოპოზიციის ლიდერების, გიგი უგულავასა, ნიკა მელიას და ირაკლი ოქრუაშვილის, წინააღმდეგ ჩვენების მიცემას აიძულებდნენ და სწორედ ამიტომ გადაიყვანეს სამარტოო საკანში. 

გუშინვე დაკავებულების მშობლების თხოვნით, პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ სოფო კილაძემ ბუდარაშვილი და თამლიანი მოინახულა. კილაძის თქმით, პატიმრების ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. კილაძემ იქვე აღნიშნა, რომ ბუდაღაშვილის თხოვნა გათვალისწინებულ იქნება და მას სხვა საკანში გადაიყვანენ.

 


close დახურვა