logo
ENG



თარგამაძე: ფორმულას თანამშრომლებზე თავდასხმა წახალისებულია პოლიტიკური ლიდერების მხრიდან

09 აპრ 202114:42
3 წუთის საკითხავი
 

ტელეკომპანია ფორმულას გენერალური დირექტორის მოადგილის, გიორგი თარგამაძის განცხადებით, არსებობს გარკვეული მტკიცებულებები იმის შესახებ, რომ ტელევიზიის თანამშრომლებზე თავდასხმა სახელისუფლებო სტრუქტურების მიერაა წახალისებული. 

როგორც თარგამაძემ ტელევიზიაში გამართულ საგანგებო ბრიფინგზე თქვა, ყველა ასეთი შემთხვევა უნდა იყოს გამოძიებული, ხოლო დამნაშავეები - დასჯილი. 

"ჩვენ სრული უფლება გვაქვს ვიქონიოთ ეჭვი და გვაქვს გარკვეული მტკიცებულებებიც, რომ ეს ყველაფერი არის წახალისებული სწორედ სახელისუფლებო სტრუქტურების და პოლიტიკური ლიდერების მხრიდან, სწორედ ამის გამო მოვითხოვთ დაჟინებით, რომ თითოეული ასეთი შემთხვევა იყოს გამოძიებული და ყველა დამნაშავე იყოს დასჯილი", - თქვა თარგამაძემ. 

მისივე თქმით, ხელისუფლების წარმომადგენლები, რომლებსაც უმთავრესი პასუხისმგებლობა აკისრიათ ქვეყანაზე, კრიტიკულ მედიაზე აგრესიული და შემტევი ტონით საუბრობენ.

"ამ ფონზე, როდესაც ქვეყნის ხელისუფლების წარმომადგენლები, რომელსაც უმთავრესი პასუხისმგებლობა აკისრიათ საზოგადოებაში და სახელმწიფოში არსებულ კლიმატზე, საუბრობენ ისეთი ტერმინებით, ისეთ აგრესიული, შემტევი და დაუნდობელი ტონით არამარტო ოპონენტების, არამედ კრიტიკული მედიის მიმართ, რომ ცხადია, ქმნის იმ გარემოს, ფონს და კლიმატს, რომლის ფონზეც, სამწუხაროდ, არ არის მოულოდნელი ისეთი შემთხვევები, რომლებიც მომრავლდა, რომელსაც ადგილი ჰქონდა ვახო სანაიას შემთხვევაში და ჩვენი აზრით, ადგილი აქვს ჩვენს მძღოლებთან, ჩვენს ტექნიკასთან და ქონებასთან მიმართებაშიც", - აცხადებს თარგამაძე.

ტელეკომპანია ფორმულას ორ თანამშრომელს თავს დაესხნენ და მათზე ფიზიკურად იძალადეს. ერთ-ერთ მათგანს ფიზიკურად გაუსწორდნენ, მეორეს კი მანქანა დაუმტვრიეს.

ფიზიკურად გაუსწორდნენ მძღოლს, რომლის თქმითაც, თავდამსხმელები სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდნენ და ახსენებდნენ ფორმულას. კიდევ ერთი თანამშრომელი იხსენებს, რომ მანქანაზე მინები, სავარაუდოდ, საქარე მინაზე ფორმულას საშვი ქონის გამო ჩაუმსხვრიეს.  

 


close დახურვა