logo
ENG



თარგამაძის Op-Ed: სოლიდარობის ძალა

16 დეკ 202019:56
3 წუთის საკითხავი
 
2020/12/16/nxscv0ekmy4fw46.jpg

ისტორია ბევრ მინიშნებას გვაძლევს, მაგრამ იშვიათია, რომ ყოველდღიურობაც ასე ღიად გვეუბნებოდეს სათქმელს. ჩვენ შემთხვევაში ეს სათქმელი გვითხრა და დაგვიწერა კიდეც: თუ ვერ დაინახავთ, წაიკითხავთ და იქნებ უკეთ გაიგოთ მაინცო.

ასე, მაგალითად: რამდენიმე დღის წინ პარიზელმა "პიანისტდეპუტატმა" ელისო ბოლქვაძემ ჟურნალისტებს განგვიცხადა: - რა გაწუწუნებთ, აფრიკაში უარესად ცხოვრობენო…

აქედან ერთი კვირაც არ გასულა, რაც ნამდვილმა საქართველომ, ქალბატონი ელისოსავე ოცნების მერის მეშვეობით, მასაც და ყველას მწარედ შეგვახსენა ტალახში ამოზელილი და სისატიკით გაზავებული სინამდვილე, რომ ჩვენ ჩვენი აფრიკა გვაქვს, სადაც ხალხი იმაზე ცუდად ცხოვრობს ვიდრე იმ, ნამდვილი აფრიკის, ისიც, ერთ ნაწილში, თუნდაც იმის გამო, რომ ყველა სხვა იქაურ პრობლემას, მათ შორის შერჩევით სამართალს და ტომის ბელადთა გულგრილობას, აქ კონტინენტური ზამთრის სუსხი და ყინვა ემატება.

მეორე მინიშნება პირდაპირ თბილისის ცენტრში, თავისუფლების მოედანზე გამოგვესახა წერილობითი სახით და რაც არ უნდა უცნაური იყოს, აქაც კალაძის ხელი ურევია: თბილისი სოლიდარობის ქალაქიაო - სლოგანი თამამად შეცვალა დედაქალაქის მერმა და შარშან სიყვარულის ქალაქი წელს უკვე სოლიდარობის ქალაქად მოგვევლინა. ზუსტად! სოლიდარობას, მართლაც რომ ბევრი რამის შეცვლა შეუძლია. მაგალითი გუშინ ვიხილეთ, როდესაც სოციალური ქსელი და მედია მასიურად მოიცვა საკუთარი ჭერის უფლებისთვის მებრძოლი, ლეგიტიმურად მონათლული ძალადობის მსხვეპლი ადამიანების, ორსული ქალისა, თუ შიშისგან თვალებგაფართოვებული ბავშვების ფოტო და ვიდეო მასალამ. ათეულ ათასობით ადამიანმა მიიტანა გულთან მათი გასაჭირი და სწრაფადვე დაიწყო ფულის შეგროვება, თუ მათზე სხვა ფორმით ზრუნვა, მეორეს მხრივ კი ბრაზი ხელისუფლებისკენ და კალაძისკენ მიიმართა.

საზოგადოებრივი სოლიდარობის ამ აქტმა ოცნების ხელისუფლება და პირადად მერი აშკარად აანერვიულა. ჯერ მხარდამჭერების მობილიზებით, სოცქსელებში აქტიურობით, სხვადასხვა ინფორმაციის გავრცელებით და კომენტარების მეშვეობით სურათის და განწყობების კორექტირება სცადეს, მაგრამ აღშფოთებამ, მათ შორის პოლიტიკურად საკმაოდ ნეიტრალურ ადამიანებშიც კი ისეთი მასშტაბი მიიღო, რომ ტაქტიკა შეიცვალა.

სადავოდ ქცეული არჩევნებით, სიმწრით შენარჩნუებულმა ძალაუფლებამ, რომელსაც ისედაც უკიდურესად დაბალი ლეგიტიმაცია აქვს, პირველი დარტყმა მიიღო. ადგილობრივ არჩევნებამდე კი წელიწადზე ნაკლებია დარჩენილი. ამიტომაც, მერმა მყისიერად იმოქმედა და გაზიარება - კომენტარის რაოდენობის რეკორდის მომხსნელ, ყველაზე დრამატულ ფოტოზე აღბეჭდილ მამა-შვილს ბინა აჩუქა. კალაძე, წინა დღით საზოგადოებისთვის გაგზავნილი ძალადობრივი შეტყობინების ადამიანური თანაგრძნობის შტრიხით გაზავებას შეეცადა, მეორეს მხრივ კი ამ ქველმოქმედების აქტით კონკურენტებს დაასწრო. ასე რომ არ იყოს, ამ ქალაქში უსახლკარო და გაჭირვებული ბევრია, რაც ძალიან კარგად იცის თბილის მერმა და 8-წლიანი შეუზღუდავი ძალაუფლების მფლობელი პარტიის მეორე პირმა, თუმცა მათ დასახმარებლად რაიმე მწყობრი პოლიტიკის კონტურებიც კი ჯერ არ შეგვიმჩნევია.

რეალობა საწინააღმდეგოზე მეტყველებს: ქვეყნიდან წამსვლელთა რაოდენობა ბოლო წლებში რეკორდულად გაიზარდა, აქ დარჩენილებში კი საშუალო ფენის სტატუსი სახელმწიფო ბიუჯეტზე მიბმულ, ძირითადად, პარტიულ აქტივსაღა შერჩა, დანარჩებში კი სოციალურმა უთანასწორობამ პიკს მიაღწია.

ამ ისტორიაში კი მთავარი ისაა, რომ შემდგარი პრეცენდენტით, მერიის მიერ ქვეყნის მთავარ მოედანზე დაწერილი სლოგანის საკვანძო სიტყვა სოლიდარობა მთავარ იარაღად შესაძლოა, იქცეს საზოგადოების ხელში ხელისუფლების შესაცვლელად, ან მოსარჯულებლად.

რადგან კალაძის მხრიდან გამოვლენილი იძულებითი სოლიდარობის აქტი, რაც ამ შემთხვევაში ერთ შეჭირვებულ ოჯახს მაინც დაეხმარა, აშკარა და პირდაპირი შედეგია სოციალურ ქსელებში საზოგადოების მასიურად და აქტიურად გამოხატული პროტესტის და წინასაახალწლო დღეებში, სიცივესა და ტალახში, უიმედოდ დარჩენილი და სასოწარკვეთილი ოჯახების მიმართ გამოხატული სოლიდარობისა.

არც ისაა ძნელი მისახვედრი, რა მოხდება, როდესაც ეს საზოგადოება ბოლომდე გაითავისებს, თუ სინამდვილეში რა ძალას ფლობს: რამხელა ძვრები და დადებითი ცვლილებები შეიძლება გამოიწვიოს ქვეყნის მასშტაბით, თუ საკუთარ სოლიდარობას და ერთიანობას უფრო მასშტაბურ ხასიათს შესძენს და სხვა მნიშვნელოვან საკითხებთან მიმართებაშიც გამოიყენებს.

ასე, რომ სოლიდარობა ტალახიდან ამოყვანილი და საკაცით გამორიდებული ორსული ქალის ან გაძვალტყავებული მამის მკლავზე მიკრული ბავშვის მოულოდნელობისგან, შიშისგან, ბრაზისა და სასოწარკვეთისგან გადიდებულ თვალებში ამოკითხულ ვედრებაზე რეაგირება და მხოლოდ სიკეთის კეთება არაა. ამ ღირებულების ორგანიზებული ფორმით გამოყენება, ფორმულაა - შეცვალო ცუდი ხელისუფლება, ან აიძულო მოიქცეს ისე, როგორც საზოგადოებისთვისაა უკეთესი. სწორედ ამაშია სოლიდარობის მთავარი ძალა და გუშინდელი გაკვეთილი!


close დახურვა