"ნაციონალურმა მოძრაობამ ამ ნაბიჯით, გარკვეულწილად, შეთანხმება დაარღვია, რაც კარგი საქციელი არ არის", - ასე ეხმაურება ფორმულასთან საუბარში ევროპული საქართველოს წევრი ლევან თარხნიშვილი ნაციონალური მოძრაობის მიერ ისნის რაიონში მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატად ხატია დეკანოიძის დაყენებას.
თარხნიშვილის თქმით, ახლა ისანში სიმძიმის ცენტრი მეორე ტურზე იქნება გადატანილი.
"ამას არც მორალური და არც საქმიანი თვალსაზრისით გამართლება არ აქვს. ამითი, ფაქტობრივად, მოხდა ის, რომ გაჩნდა კიდევ ერთი ოლქი, სადაც სიმძიმის ცენტრი მეორე ტურზე იქნა გადატანილი", - განაცხადა თარხნიშვილმა.
ნაციონალურმა მოძრაობამ ისნის მაჟორიტარულ ოლქში ვაშაძის მხარდაჭერის ნაცვლად ხატია დეკანოიძე დააყენა კანდიდატად.
აქამდე ისნის ოლქში ოპოზიციის ერთიანი კანდიდატი გიორგი ვაშაძე იყო, რომელსაც თავდაპირველად ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლებიც უჭერდნენ მხარს.
პარტიის დღევანდელი გადაწყვეტილების შემდეგ ოპოზიციური პარტიების ნაწილს თბილისის 8 ოლქიდან 7-ში ჰყავთ ერთიანი, შეთანხმებული კანდიდატი წარდგენილი.
ისნის ოლქში მმართველი გუნდიდან კენჭს კახი კახიშვილი იყრის.