logo
ENG



თარხნიშვილი უგულავას საქმეზე: რეპრესიები ოპოზიციის ერთობას გააძლიერებს

04 თებ 202009:08
3 წუთის საკითხავი
 

"ევროპული საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერის, გიგი უგულავას შესაძლო დაკავებას პოლიტიკოსები ეხმაურებიან.

10 თებერვალს უზენაესი სასამართლო საბოლოო გადაწყვეტილებას მიიღებს თბილისის განვითარების ფონდის საქმეზე, რომელზეც წინა ინსტანციების სასამართლოებმა უგულავა დამნაშავედ ცნეს. საქმის კვლავ განახლებას ოპოზიციაში პოლიტიკურ დევნად აფასებენ და ეჭვობენ, რომ უზენაეს სასამართლოს მოსამართლეთა კოლეგია მერაბ გაბინაშვილისა და შალვა თადუმაძის შემადგენლობით, ოპოზიციონერი ლიდერის მიმართ გამამტყუნებელ განაჩენს გამოიტანს.  

როგორც „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ნიკა მელია აცხადებს, ბიძინა ივანიშვილს უგულავას დაჭერა გაუჭირდება.

„ამერიკელი შეერთებული შტატების კონგრესმენები, სენატორები, ევროპარლამენტარები მკაფიოდ მოუწოდებენ ივანიშვილს, რომ შეწყვიტოს პოლიტიკური დევნა. ამ ყველაფრის პარალელურად დააკავო ოპოზიციის ერთ-ერთი აქტიური ლიდერი, ეს ბიძინა ივანიშვილსაც გაუჭირდება. თუმცა, ივანიშვილის მდგომარეობაში მყოფი ადამიანის ქმედებების პროგნოზირება, ნამდვილად ძნელია“, - განაცხადა მელიამ.

„ევროპული საქართველოს“ წევრი ლევან თარხნიშვილი კი მიიჩნევს, რომ რეპრესიები ოპოზიციურ სპექტრს გააძლიერებს.

„ეს არის ცალსახად პოლიტიკური დევნა. თუმცა, ამითი ივანიშვილი და მისი გუნდი ვერაფერს მიაღწევს. რეპრესიები რასაც მიმართავენ გაგვაძლიერებს „ევროპულ საქართველოს“ და ზოგადად, სრულიად ოპოზიციის ერთობას შეადუღაბებს. რაც შეეხება პროგნოზებს, სასამართლო მიიღებს იმ გადაწყვეტილებას, რა გადაწყვეტილებასაც მიიღებს ივანიშვილი“, - განაცხადა თარხნიშვილმა.

„ახალი საქართველოს“ ლიდერი გიორგი ვაშაძე კი აცხადებს, რომ პოლიტიკური ანგარიშსწორები 2020 წლის ოქტომბერში დასრულდება.

„საქმე დამთავრდა, სასჯელიც გამოცხადებულია და ხელახლა ასაჩივრებ ამდენი ხნის შემდეგ უზენაეს სასამართლოში და სისხლის სამართლის აბსურდულ მუხლს ეპოტინები. ეს დამთვრდება 2020 წლის ოქტომბერში, ჩვენ ისტორიას უნდა ჩავაბაროთ ქვეყანაში პოლიტიკური შურისძიებები. სხვამხრივ, მომავალი არ გვაქვს. გიგის მხარს ვუჭერთ და დარწმუნებული ვარ, ერთად გავიმარჯვებთ 2020 წლის არჩევნებში“, - განაცხადა ვაშაძემ.


close დახურვა