კომპანია "თბილისი ენერჯი" განცხადებას ავრცელებს, რომლის თანახმადაც, 2021 წლის 3 იანვრიდან არასაყოფაცხოვრებო მომხმარებლებს, პურის საწარმოების გარდა, ბუნებრივი აირის ფასი ეზრდებათ.
კომპანიაში ტარიფის გაძვირების მიზეზად ვალუტის კურსის ცვლილებას ასახელებენ.
"ბოლო წლებში ეროვნული ვალუტის კურსის ცვლილებამ აშშ დოლართან მიმართებით, სერიოზული პრობლემები შექმნა დედაქალაქის უწყვეტი გაზმომარაგების საკითხში, ვინაიდან კომპანია ბუნებრივი გაზის შესყიდვას ახორციელებს აშშ დოლარში, ხოლო მომხმარებლებთან ბუნებრივი გაზის მიწოდებისას ანგარიშსწორებას ახდენს ლარში ფიქსირებული ფასით.
დღეისათვის შპს "თბილისი ენერჯის" უჭირს მოწოდებული ბუნებრივი გაზის შესასყიდად საკმარისი ფინანსური სახსრების აკუმულირება, რაც ცხადია, არა მხოლოდ რეალურ საფრთხეს უქმნის მომხმარებელთა უწყვეტ გაზმომარაგებას, არამედ საფრთხეს უქმნის კომპანიის ნორმალურ და უსაფრთხო ფუნქციონირებას. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, 2021 წლის 3 იანვრიდან კომპანიის არასაყოფაცხოვრებო მომხმარებლისათვის მისაწოდებელი ბუნებრივი გაზის ფასი ერთ კუბურ მეტრზე განისაზღვრება 1.10 ლარით, დამატებული ღირებულების გადასახადის ჩათვლით. ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ ბუნებრივი გაზის ფასი არ ძვირდება საყოფაცხოვრებო მომხმარებლებისთვის, რომელიც 1 კუბურ მეტრზე 0,461374 ლარს შეადგენს და დადგენილია სემეკის მიერ. ასევე, ქვეყანაში დღეს არსებული მდგომარეობის გათვალისწინებით ტარიფი არ გაუძვირდებათ პურის საწარმოებს", - ნათქვამია განცხადებაში.
კომპანიაში აცხადებენ, რომ მილიონობით ლარის ზარალი სერიოზულ საფრთხეს უქმნის მნიშვნელოვან პროექტებს, რომლებსაც "თბილისი ენერჯი" დედაქალაქის მასშტაბით ახორციელებს. კომპანიაში აცხადებენ, რომ აუცილებელია გამანაწილებელი ქსელის რეაბილიტაცია-განახლება, რომელიც 60 წელია არ შეცვლილა და მწყობრიდანაა გამოსული.