თბილისი მერიამ მიკროავტობუსების შესაძენად გამოცხადებული ტენდერი დროებით შეაჩერა. კახა კალაძის თქმით, COVID -19 თან დაკავშირებით ბიუჯეტში ცვლილებებია, ამიტომ მერიას დაგეგმილ პროექტებზე უარის თქმა უწევს.
„სამწუხაროდ მოგვიწევს ბიუჯეტში ცვლილებების შეტანა. ბევრ პროექტზე უარის თქმა მოგვიწევს. ეს იმ გარემოებებიდან და რეალობიდან გამომდინარეობს, რაც ჩვენს ქვეყანაში და ზოგადად მსოფლიოში ხდება. ტენდერი, რომელიც 13 მარტს იყო გამოცხადებული, იქნება შეჩერებული და სამწუხაროდ სხვა კიდევ ბევრი პროექტი. თუ რომელ პროექტებს შეეხება შეჩერება, მომდევნო დღეების განმავლობაში მოგაწვდით სრულ ინფორმაციას,“ - განაცხადა თბილისის მერმა კახა კალაძემ.
შეგახსენებთ, რომ 300 მიკროავტობუსის შესაძენად მერიამ ტენდერი 13 მარტს გამოცხადდა და პროექტისთვის 29 მილიონი ლარი გამოყო. ერთი ავტობუსის სავარაუდო ღირებულება 96,666 ლარია.