სააგენტო 2020 ანონიმურ წყაროზე დაყრდნობით წერს, რომ თბილისის ვიცე მერის დაპატიმრებას სამართალდამცველები რამდენიმე თვის წინ აპირებდნენ. გადაწყვეტილება სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციულ დეპარტამენტს უკვე მიღებული ჰქონდა, თუმცა პროცესი თბილისის მერის ჩარევის შემდეგ შეჩერდა. საინფორმაციო სააგენტოს ინფორმაციით, მოადგილის პრობლემა კახი კალაძემ მოაგვარა.
რა კონკრეტული საქმე დევს სუსში ვიცე-მერის, ირაკლი ხმალაძის წინააღმდეგ ჟურნალისტებისთვის უცნობია. თუმცა სააგენტოში აცხადებენ, რომ საქმე შესაძლო კორუფციულ დარღვევებს ეხება. იმის შესახებ, რომ ირაკლი ხმალაძის საქმიანობით და დეკლარაციით გრიგოლ ლილუაშვილის უწყებაა დაინტერესებული, რამდენიმე დღის წინ, რეპორტაჟი „ფორმულამაც“ მოამზადა.
აღმოჩნდა, რომ ინფორმაცია სუსში დაგროვილი სავარაუდო კორუფციული ფაქტების შესახებ, მმართველი პარტიის ყოფილ წევრებსაც აქვთ. ამბობენ, რომ არ უკვირთ. კონკრეტულად ირაკლი ხმალაძის საეჭვო საქმიანობის შესახებ არაფერი გაუგიათ, თუმცა თბილისის მერიის საეჭვო გადაწყვეტილებებთან დაკავშირებით დიდი ხანია პრეტენზიები აქვთ.
პოლიტიკური ოპონენტები დარწმუნებულები არიან, რომ მერიის მაღალჩინოსნების ბედი არა ანტიკორუფციულ სამსახურში არსებულ იურიდიულ დოკუმენტებზე, არამედ „ქართული ოცნების“ პოლიტიკურ სტრატეგიაზეა დამოკიდებული.
კახი კალაძე ვიცე მერთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციას პოლიტიკური ოპონენტების გამოგონილს უწოდებს.
ვიცე-მერს, მასთან დაკავშირებით ბოლო დღეების განმავლობაში გავრცელებული ინფორმაციის შესახებ, ჯერ განმარტება არ გაუკეთებია. ირაკლი ხმალაძე მედიასთან არ გამოჩენილა. ინფორმაციას არ გასცემს არც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური.