logo
ENG



თბილისის მე-20 საერთაშორისო კინოფესტივალი ჰიჩკოკის ფილმით გაიხსნება

20 ნოე 201914:00
3 წუთის საკითხავი
 
7onjapxwuut3bk6.jpg

თბილისის მეოცე საერთაშორისო კინოფესტივალი პირველ დეკემბერს ჰიჩკოკის ფილმის - "შანტაჟი" ჩვენებით გაიხსნება. კინოჩვენება ცოცხალი მუსიკის თანხლებით გაიმართება. გახსნის ცერემონიალს კი "შანტაჟის" მუსიკის ავტორი ნილ ბრენდიც დაესწრება.  

კინოფესტივალის ფარგლებში საუკეთესო მხატვრულ, დოკუმენტურ და მოკლემეტრაჟიან ფილმებს მთავარი ჯილდო - "ოქროს პრომეთე" გადაეცემა. კონკურსში წელს მხოლოდ ქართული ფილმები მონაწილეობს, თუმცა იგეგმება უცხოური ფილმების ჩვენებაც. ევროპული და მსოფლიო კინოს საუკეთესო ნამუშევრები წარმოდგენილი იქნება სექციებში- "ჰორიზონტები", "ამერიკები" და "ევროპული ფორუმი".

"სპეციალურად მოვიწვიეთ ჟიური, პროფესიონალი კინემატოგრაფისტები რომლებიც საუკეთესო ქართულ ფილმებს შეარჩევენ. ბევრი პრემიერა გვქვს წელს, ესაა გიგა ლიკლიკაძის "ღორი", ბუტა ბერიას ფილმი "უარყოფითი რიცხვები", დიტო ცინცაძის "ჩაისუნთქე, ამოისუნთქე", თამარ შავგულიძის "კომეტები" და ლანა ღოღობერიძის "ოქროს ძაფი",-განმარტავს ფესტივალის გენერალური დირექტორი გაგა ჩხეიძე.

დიდი ბრიტანეთის ელჩი საქართველოში აცხადებს, რომ აღნიშნული კინოფესტივალი ქვეყნებს შორის მჭიდრო თანამშრომლობას უწყობს ხელს. 

"თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალს და დიდ ბრიტანეთს დიდი ისტორია აქვს, მაგრამ ამ წელს ეს თანამშრომლობა უფრო მჭიდრო და მრავალმხრივი იქნება,"- ამბობს ჯასტინ მაკკენზი სმიტი.

თბილისის მერიის საქალაქო სამსახურის უფროსის მოადგილის თქმით, კინოფესტივალი დედაქალაქს, როგორც კულტურული ცენტრის წარმოჩენაში უწყობს ხელს. 

"ესაა ერთ-ერთი უმთავრესი ფესტივალი, რომელიც ხელს უწყობს თბილისის როგორც რეგიონული კულტურის ცენტრის წარმოჩენას. ვუსურვებ წარმატებას,"-აცხადებს მაკა ნასრაშვილი.

წელს კინოფესტივალის მთავრი პარტნიორი ბრიტანეთის საბჭოა. კინო ჩვენებები და მასტერკლასები 8 დეკემბრამდე გაგრძელდება. ფესტივალს კინოთეატრი "ამირანი" უმასპინძლებს.


close დახურვა