მაჭავარიანის ქუჩის მიმდებარედ მეწყრული პროცესების გააქტიურების გამო მოსახლეობის ევაკუაცია არ იგეგმება - განცხადებას თბილისის მერია ავრცელებს.
როგორც უწყების მიერ გავრცელებულ ოფიციალურ განცხადებაში ვკითხულობთ, ამ ეტაპზე მიმდინარეობს პროცესის შესწავლა. მერიაში აცხადებენ, რომ ევაკუაციის შესახებ ინფორმაციის გავრცელება საზოგადოებაში პანიკის დათესვას ემსახურება.
„ვრცელდება ინფორმაცია, თითქოს მაჭავარიანის ქუჩის მიმდებარე ტერიტორიიდან, მეწყრული პროცესის გააქტიურების გამო, იგეგმება მოსახლეობის ევაკუაცია, რაც არის სიცრუე და ემსახურება საზოგადოებაში პანიკის დათესვას.
შექმნილია სპეციალური სამუშაო ჯგუფი, რომელიც მუდმივ რეჟიმში აკვირდება მეწყრულ პროცესს, ხოლო მომავალი კვირიდან კვლევის პროცესში უცხოელი ექსპერტებიც ჩაერთვებიან.
კვლევისა და მონიტორინგის თითოეულ ეტაპზე საზოგადოებას ოპერატიულად მიეწოდება სრული ინფორმაცია.
უახლოეს დღეებში გატარდება შესაბამისი ღონისძიებები, რათა დროულად აღდგეს ორმხრივი საავტომობილო მოძრაობა და გადაადგილება იყოს უსაფრთხო.
მოვუწოდებთ მედიასაშუალებებს, თავი შეიკავონ გადაუმოწმებელი ინფორმაციის გავრცელებისგან და ნებისმიერ შემთხვევაში მიმართონ თბილისის მერიას", - ვკითხულობთ განცხადებაში.
თბილისში, ვაშლიჯვრისა და ნუცუბიძის დამაკავშირებელ გზაზე მეწყრული პროცესები დაიწყო.
რა ხდება ამ დროისთვის ფერდობის მიმდებარე ტერიტორიაზე იხილეთ აქ.