თბილისის მერიის მუნიციპალური ინსპექციის თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა.
როგორც ფორმულას მერიის პრესსამსახურში განუცხადეს, ინფიცირებული ბოლო ერთი კვირის განმავლობაში დისტანციურ რეჟიმში მუშაობდა და სხვა თანამშრომლებთან უშუალო კონტაქტი არ ჰქონია. მათივე თქმით, ამის მიუხედავად, სავარაუდო კონტაქტში მყოფ პირებს კორონავირუსზე ტესტი ჩაუტარდათ და ამ დროისთვის ისინი თვითიზოლაციაში იმყოფებიან.
"სამწუხაროდ, კორონავირუსი დაუდასტურდა ჩვენს თანამშრომელს, რომელიც მუშაობს მუნიციპალურ ინსპექციაში. ფაქტი დღეს გამოვლინდა და ჩვენ გავატარეთ ის ზომები და ღონისძიებები, რაც არის გაწერილი პროტოკოლურად. შენობაში ჩატარდა სადეზინფექციო სამუშაოები და თვითიზოლაციაში გადავიდნენ სავარაუდო კონტაქტში მყოფი პირები. ამ ადამიანს უშუალო შეხება არ ჰქონია არც თანამშრომლებთან და არც მოქალაქეებთან ბოლო ერთი კვირის განმავლობაში, რადგან დისტანციურ რეჟიმში მუშაობდა, თუმცა, ჩვენ მაინც ჩავუტარეთ ტესტირება სავარაუდო კონტაქტში მყოფ თანამშრომლებს", - აცხადებენ პრესსამსახურში.
შეგახსენებთ, დღეს, 17 სექტემბერს საქართველოში კორონავირუსის 179 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 10 პაციენტი კი, გამოჯანმრთელდა. ჯამში ქვეყანაში კორონავირუსის 2 937 შემთხვევაა გამოვლენილი, აქედან 1422 პაციენტი გამოჯანმრთელდა, ხოლო 19 გარდაიცვალა.