logo
ENG



თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალი აქციებს მხარს უჭერს, ქართული ფილმების ჩვენებას აუქმებს

01 დეკ 202401:04
3 წუთის საკითხავი
 
2024/12/01/kef5p1vd8qgkwh7.jpg

თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალი განცხადებას ავრცელებს, სადაც ისინი თბილისში მიმდინარე აქციების მონაწილეებზე ძალადობას გმობემ, კატეგორიულად ემიჯნებიან ქართული ოცნების გაცხადებულ პოლიტიკასა და ფილმების ჩვენებას აუქმებენ. 

განცხადების თანახმად, პარტნიორებისა და სპონსორების წინაშე არსებული ვალდებულებების გამო კი ფესტივალის სხვა სეანსები ჩატარდება გამოქვეყნებული განრიგის მიხედვით.

"თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალის გუნდი მკაცრად გმობს თბილისში მიმდინარე აქციების მონაწილე მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ განხორციელებულ ძალადობრივ ქმედებებს სახელმწიფოს მხრიდან და კატეგორიულად ემიჯნება ქართული ოცნების გაცხადებულ პოლიტიკას ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის შეჩერების შესახებ, ამასთანავე გმობს საქართველოს ხელისუფლების მიერ მიღებულ ანტიჰუმანურ და დისკრიმინაციულ კანონებს.

ჩვენ სრულ მხარდაჭერას ვუცხადებთ საპროტესტო აქციების მონაწილეებს და თბილისის კინოფესტივალს განვიხილავთ როგორც ამ აქციების შემადგენელ ნაწილს, რადგან თითოეული ფილმი, რომელსაც ჩვენს მაყურებელს ფესტივალზე ვუჩვენებთ, ადამიანის პიროვნული თავისუფლებისთვის, თანასწორობისთვის და სიმართლისთვის ბრძოლაზე მოგვითხრობს.

კინოფესტივალის გუნდმა ქართველ კინემატოგრაფისტებთან ერთად მიიღო მტკივნეული გადაწყვეტილება, გააუქმოს ქართული ფილმების ჩვენება და ქართული პანორამის ფილმები მაყურებელს შესთავაზოს მოგვიანებით, როცა ქვეყანა დაუბრუნდება ევროპის გზას. ჩვენი პარტნიორების და სპონსორების წინაშე არსებული ვალდებულებების გამო ფესტივალის სხვა სეანსები ჩატარდება გამოქვეყნებული განრიგის მიხედვით.

თბილისის 25-ე საერთაშორისო კინოფესტივალის გახსნა დაგეგმილი იყო კვირას, საღამოს 7 საათზე კინოთეატრ ამირანში ტატო კოტეტიშვილის ფილმით „წმინდა ელექტროენერგია“. ფილმის ჩვენება არ შედგება, მაგრამ მიუხედავად ამისა, ყველას, ვისაც გული შეგტკივათ ქართულ კინოზე და ვინც აპირებდით მოსვლას ფესტივალის გახსნაზე, გიწვევთ კინოთეატრ ამირანში, სადაც ქართველი კინემატოგრაფისტები გაგაცნობენ საკუთარ პოზიციას ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით. თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალი ყოველთვის იყო და იქნება ადამიანის უფლებების, დემოკრატიის, სიტყვის და გამოხატვის თავისუფლების დაცვის ადგილი", - წერია განცხადებაში.

 

close დახურვა