თბილისში, აეროპორტის მიმდებარედ ახალი სტადიონის მშენებლობისთვის გამოცხადებული ტენდერი შეწყდა.
მუნიციპალური განვითარების ფონდის ცნობით, ფონდის სატენდერო კომისიამ, ამ ეტაპზე, გამარჯვებული კომპანია ვერ გამოავლინა.
"თბილისის ახალი სტადიონის ტენდერთან დაკავშირებით კომისიამ საკვალიფიკაციო მოთხოვნების გადახედვის საჭიროება დაადგინა.
კომისიის შეფასებით, აუცილებელია სატენდერო დოკუმენტაციის, მათ შორის დამკვეთის მოთხოვნებისა და საკვალიფიკაციო კრიტერიუმების ხელახალი გადახედვა, რათა პროცესი მეტად სრულყოფილი და კონკურენტული იყოს.
იმის გამო, რომ ტენდერის საკვალიფიკაციო კრიტერიუმებს მხოლოდ ერთი პრეტენდენტი აკმაყოფილებდა და მისი შეთავაზება, სხვა მონაწილეთა ფასებთან შედარებით, მნიშვნელოვნად მაღალი იყო, კომისიამ კანონით მინიჭებული უფლება გამოიყენა და საჭიროდ მიიჩნია პირობების ხელახალი შეფასება და შესაბამისი ცვლილებების განხორციელება", - ვკითხულობთ ფონდის განცხადებაში.
ახალი სტადიონის მშენებლობისთვის გამოცხადებულ 876 მილიონ ლარიან კონკურსში სამი კომპანია მონაწილეობდა - ორი უცხოური და ერთი ქართული, კომპანია ანაგი, რომელიც ქართული ოცნების ხელისუფლების აქტიური პარტნიორია.
როგორც ოფიციალური დოკუმენტებიდან ირკვევა, სტადიონის აშენება დამკვეთს ამ ქართულ კომპანიაზე გაცილებით იაფად შესთავაზა თურქულმა კომპანიამ.
სტადიონის მშენებლობისთვის 876-მილიონიანი ტენდერი 15 აგვისტოს გამოცხადდა, წინადადებების მიღება კი 29 სექტმებერს დასრულდა.
ქართული ოცნების მთავრობის გადაწყვეტილებით, მოედანი 70 000 მაყურებელზეა გათავლილი.
