თბილისში ოფიციალური ვიზიტით დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების საკითხებში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილე, უზრა ზეია ჩამოდის. სახელმწიფო დეპარტამენტის მაღალჩინოსნის ვიზიტი დღეს, 10 ივლისს დაიწყება და 17 ივლისის ჩათვლით გაგრძელდება.
უზრა ზეია ერევანსაც ეწვევა. ვიზიტის ფარგლებში სახელმწიფო მდივნის მოადგილე საქართველოში დემოკრატიული მმართველობის, ანტიკორუფციული სამუშაოების, პრესის თავისუფლების, მარგინალიზებული და მოწყვლადი ჯგუფების შესახებ გამართავს შეხვედრებს მთავრობის, სამოქალაქო საზოგადოების, მედიისა და პარლამენტის წევრებთან.
ვიზიტის ფარგლებში, სახელმწიფო მდივნის მოადგილე "უცხოური გავლენის" კანონთან, სხვა არალიბერალურ კანონმდებლობასთან და საქართველოს მთავრობის მავნე რიტორიკასთან დაკავშირებით აშშ-ის სერიოზულ შეშფოთებას გაუსვამს ხაზს.
"ის ცხადად იტყვის, რომ მთავრობის არადემოკრატიულმა ქცევამ და დეზინფორმაციამ აშშ-ს შესახებ დააზიანა ჩვენი ხანგრძლივი ურთიერთობა. მდივნის მოადგილე ზეია ასევე ხაზგასმით ისაუბრებს აშშ-ს ურყევ მხარდაჭერას საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი, ქართველი ხალხის ერთგულებას ევროატლანტიკური ინტეგრაციისადმი და იმ დახმარების შესახებ, რომელიც საქართველომ შეერთებულ შტატებთან 32 წლიანი პარტნიორობის განმავლობაში მიიღო. გარდა ამისა, ის გაიმეორებს თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისა და ენერგიულ სამოქალაქო საზოგადოების არსებობის მნიშვნელობას. ის ასევე შეხვდება სათემო ორგანიზაციებს, რომელიც დაარსებული იქნა რუსეთის მიერ, საქართველოს მუდმივი ოკუპაციის შედეგად დევნილი ქალების მიერ", - აცხადებენ სახელმწიფო მდივნის პრესსპიკერის ოფისში.