„ის რაც მისაღებია ავღანეთში, საქართველოში მისაღები არ არის“, - ასე ეხმაურება იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი, ოპოზიციისა და ხელისუფლების შეხვედრის მესამე რაუნდს.
როგორც შეხვედრის დასრულების შემდეგ, წულუკიანმა აღნიშნა, მრავალმანდატიანი სისტემა მოქმედებს მხოლოდ ავღანეთსა და ერაყში, საქართველოსთვის კი ის მიუღებელია.
„გერმანული მოდელი უარყოფილია, დღეს ვიმსჯელეთ მრავალმანდატიან სისტემაზე. აღმოჩნდა, რომ მოდელი, რომელზეც იყო საუბარი, არის მხოლოდ ავღანეთსა და ერაყში. ეს მოდელი ჩვენი ქვეყნისთვის მისაღები არ არის. ჩვენ ვთვლით, რომ წარმომადგენლობითი მოდელი ჩვენი ქვეყნისთვის არ ვარგა, მით უმეტეს, რომ ეს მოდელი მხოლოდ ერაყსა და ავღანეთში არსებობს. შემდეგ შეხვედრაზე არ განვიხილეთ უკვე განხილულ თემებს, საჭიროა რაღაც ახალი გაჩნდეს. ის, რაც მისაღებია ავღანეთში, საქართველოში მისაღები არ არის“, - განაცხადა წულუკიანმა.
მისივე თქმით, მან დღეს განმარტება გააკეთა იმ 87კაციან სიაზე, რომელიც წინა შეხვედრაზე ოპოზიციამ დიპლომატებს გადასცა.
"ოპოზიციამ დიპლომატიურ კორპუსს გადასცა 87 კაციანი სია, თითქოს ესენი არიან პოლიტპატიმრები. აღმოჩნდა, რომ 87-დან 5 იმყოფება მხოლოდ პატიმრობაში. ესენი არიან რურუა, ოქრუაშილი და მათ კონკრეტული ბრალდებები აქვთ წაყენებული. ყველა მათგანი ელოდება სასამართლოს. სასტუმრო, სადაც შეხვედრები იმართება, არც პროკურატურაა და არც სასამართლო, შესაბამისად, ეს ფორმატი არ არის იმისთვის, რომ სისხლის სამართლის საქმეები განვიხილოთ", - აღნიშნა მან.