logo
ENG



თევდორაძე: ამ მასალით, არ არის გამორიცხული, ევროპული საქართველო ითხოვდეს ფულს რუსეთისგან

25 აგვ 202015:59
3 წუთის საკითხავი
 
okoin183gu5t3s1.jpg

"ეს იყო ევროპული საქართველოს მიერ დადგმული სცენარი", - ასე ეხმაურება პატრიოტთა ალიანსის წევრი გოჩა თევდორაძე 24 აგვისტოს ცენტრ "დოსიეს" მიერ გამოქვეყნებულ საგამოძიებო სტატიას, რომელშიც პატრიოტთა ალიანსსა და კრემლს შორის ფინანსურ კავშირებზე არის საუბარი. 

თევდორაძე აცხადებს, რომ სტატიაში მოყვანილი მასალა არაავთენტიკურია და თავისუფლად შესაძლებელია, დოკუმენტები, პატრიოტთა ალიანსის ნაცვლად, ევროპული საქართველოსა და ნაციონალური მოძრაობის ბიუჯეტს ასახავდეს.

"არსებობს რაღაც ფარატინა ფურცელი… მე გეუბნებით ახლა დღეს, არ არის გამორიცხული, რომ ეს არის არა პატრიოტთა ალიანსის, არამედ ევროპული საქართველოს ან ნაციონალური მოძრაობის ბიუჯეტი და ამ თანხის მოთხოვნას აპირებენ თავად რუსეთის ფედერაციისგან. თავად უნდათ ეს. ამ განცხადებას ვაკეთებ და მითხარით საწინააღმდეგო არგუმენტი", - ამბობს თევდორაძე. 

თევდორაძე აცხადებს, რომ ევროპულმა საქართველომ საგამოძიებო სტატია ირმა ინაშვილის აფხაზეთში ვიზიტით გაღიზიანების გამო შეაქმნევინა.

დღეს ევროპული საქართველოს ვაკის მაჟორიტარობის კანდიდატმა ელენე ხოშტარიამ, "დოსიეს" მასალებზე დაყრდნობით, პროკურატურას გამოძიების დაწყების მოთხოვნით მიმართა. 

ცენტრმა "დოსიემ" 24 აგვისტოს მასალები გამოაქვეყნა. ამ მასალების მიხედვით, კრემლი პატრიოტთა ალიანსს 2020 წლის არჩევნებისთვის ფინანსურად ეხმარება და წინასაარჩევნო კამპანიის შინაარსთან დაკავშირებით ინსტრუქციებს აძლევს. 

პატრიოტთა ალიანსის ლიდერმა ირმა ინაშვილმა უარყო საგამოძიებო სტატიის ბრალდებები და განაცხადა, რომ მისი პარტია მრავალ საკონსულტაციო კომპანიასთან თანამშრომლობს, მათ შორის, ორ ამერიკულ, ორ ებრაულ და ერთ რუსულ კომპანიასთან. 

 

 


close დახურვა