თეთრი სახლი აცხადებს, რომ რუსეთის უკრაინაში შესაძლო შეჭრას აღარ მოიხსენიებენ როგორც გარდაუვალს.
თეთრი სახლის პრესმდივანი ჯენ ფსაკი ამბობს, რომ რუსეთის უკრაინაში შეჭრის გარდაუვლად მოხსენიება აშშ-ის ოფიციალური პირების მიერ აღიქმება ისეთ მესიჯად, რომ ვლადიმერ პუტინს გადაწყვეტილება უკრაინაში შეჭრაზე უკვე მიღებული აქვს, რომლის გავრცელება აშშ-ს მიზნად არ ჰქონია.
"ეს სიტყვა ერთხელ მეც გამოვიყენე და ვფიქრობ, რომ გამოიყენეს სხვებმაც. შემდგომ ჩვენ შევწყვიტეთ ამის გამოყენება, რადგან ეს გზავნიდა ისეთ მესიჯს, რომლის გავრცელებას ჩვენ არ განვიზრახავდით. მესიჯი იყო ის, რომ ჩვენ ვიცოდით, რომ რუსეთის პრეზიდენტს უკვე მიღებული აქვს გადაწყვეტილება." - თქვა ჯენ ფსაკიმ.
ჯენ ფსაკიმ კომენტარი მას შემდეგ გააკეთა, რაც უკრაინამ აშშ-ის მესიჯებს, რომ რუსეთი უკრაინაში შესაძლოა ნებისმიერ მომენტში შეიჭრას, პანიკა უწოდა.
ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, განცხადებები, რომ უკრაინაში ხვალ შეიძლება ომი დაიწყოს არის პანიკის შექმნა და უკრაინის ეკონომიკას საფრთხის ქვეშ აყენებს.
იანვარში, აშშ–ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა უკრაინის პრეზიდენტთან, ვოლოდიმირ ზელენსკისთან სატელეფონო დიალოგში თქვა, რომ , დიდი შანსია, რუსეთი უკრაინაში მომავალ თვეში შეიჭრეს.