თეთრი სახლის უშიშროების საბჭოს ევროპული დირექტორი, ამანდა სლოუტი CNN-ის ინფორმაციას ეხმაურება, რომ რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინას, შესაძლოა, ომი ოფიციალურად 9 მაისს გამოუცხადოს.
ამანდა სლოუტის თქმით, ბაიდენის ადმინისტრაცია პუტინს არ მისცემს საშუალებას, 9 მაისი, „გამარჯვების დღე“, რუსეთის უკრაინაში შეჭრას დაუკავშიროს.
"ევროპაში გამარჯვების დღე არ ეკუთვნის მხოლოდ რუსეთს, ამ დღესასწაულს 8 და 9 მაისს მთელ ევროპაში ზეიმობენ იმის აღსანიშნავად, რომ ნაცისტების დასამარცხებლად ერთიანი ძალისხმევით გაერთიანდნენ", - განაცხადა სლოუტმა.
თეთრი სახლის წარმომადგენლის თქმით, აშშ-ს პოზიცია 9 მაისთან დაკავშირებით უცვლელია.
"არ ვაპირებ იმაზე სპეკულირებას, თუ რა შეიძლება გააკეთოს პუტინმა, მაგრამ ცხადია, რომ მან უკვე წამოიწყო გაუმართლებელი და არაპროვოცირებული აგრესია უკრაინის წინააღმდეგ და ჩვენი პოზიცია 9 მაისზე იქნება იგივე, რაც იყო აქამდე", - დასძინა სლოუტმა.
CNN-ის ინფორმაციით, რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინას, შესაძლოა, ომი ოფიციალურად 9 მაისს გამოუცხადოს.
გამოცემა ამერიკელ და დასავლელ ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით წერს, რომ ომის ოფიციალურად გამოცხადება რუსეთის სარეზერვო ძალების სრულ მობილიზებას გამოიწვევს.