logo
ENG



თვალჭრელიძის ქუჩის მცხოვრები: სოხუმის სახლში შესვლა არ დამცალდა, ახლა ესეც დამინგრიეს

23 დეკ 202012:35
3 წუთის საკითხავი
 

დღეს, 23 დეკემბრის დილას მერიამ თვალჭრელიძის ქუჩაზე მდებარე შენობები დაანგრია. 

აქ საცხოვრებლებს დევნილები იშენებდნენ. მათ მერიამ 4-დღიანი ვადა მისცა იმისთვის, რომ მათი მტკიცებით, უკანონო მშენებლობები დაეშალათ. ვადა დღეს ამოიწურა. ნგრევა დილის 7 საათიდან დაიწყო. 

"სოხუმში სახლი გავაკეთე ვეებერთელა. იმ სახლში შესვლა არ დამცალდა. პატარა ბავშვები მყავდა. გამოგვყარეს აქეთ. ახლა ესეც". - ამბობს თვალჭრელიძის ქუჩის ერთ-ერთი მცხოვრები. 

"იმედი გვქონდა, რომ დაგვიკანონდებოდა. გიჟები ხომ არ ვართ, ვინმე რომ მოსულიყო, გაფრთხილება მოეცა, ან სიტყვიერი, ან წერილობითი, არ ავაშენებდით, ამაში ფულია ჩაყრილი". - თქვა სხვამ. 

"სახლში ვიყავით, დილის 7 საათი იქნებოდა. მოვიდნენ და დაანგრიეს. დაცალეთ სახლიო. რისი გამოტანაც მოვასწარით, გამოვიტანეთ. არც გვაცალეს გამოტანა. ბულდოზერები მოიტანეს. საწოლები, ტანსაცმელი ყველაფერი შიგნით ყრია, დანგრეულია ყველაფერი". - თქვა ერთ-ერთმა მცხოვრებმა

მერიამ სამგორის რაიონში სახლების დემონტაჟი 15 დეკემბერს დაიწყო. 

კახა კალაძემ "აფრიკაში" მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით რამდენჯერმე გააკეთა კომენტარი და თქვა, რომ მისი მერობის პერიოდში სახელმწიფო ქონების მიტაცებას არ დაუშვებს. მისივე მტკიცებით, მათ მიერ დანგრეულ შენობებში ხალხი არ ცხოვრობდა და ეს ადამიანები აგარაკებს იშენებდნენ. 

"აფრიკის" მცხოვრებლები აცხადებენ, რომ ისინი სახლს იშენებდნენ და ახალ წლამდე გადასვლას გეგმავდნენ. მათი ნაწილის თქმით, ქუჩაში რჩებიან და წასასვლელი არ აქვთ, აქამდე კი ქირით და ნათესავებთან ცხოვრობდნენ. 


close დახურვა