დავით ბაქრაძის განცხადებით, თვითდასაქმებულთა 90% ვერ ახერხებს მთავრობის მიერ გამოყოფილი დახმარების აღებას.
როგორც მან ანტიკრიზისული ბიუჯეტის განხილვისას აღნიშნა, 800 ათასამდე ადამიანი არსებული ბარიერების გამო ულუკმაპუროდ რჩება.
„დადგა შედეგი, რომ თვითდასაქმებულთა 90% ამ დახმარებასაც კი ვერ იღებს - ბარიერების გამო 800 ათასმა ადამიანმა ვერ მოგმართათ დახმარების მისაღებად. დავუშვათ, დაგეთანხმეთ და არ არსებობს ბარიერი - არ უნდათ დახმარება? ამდენ ათასს არ უნდა დახმარების მიღება?", - განაცხადა დათო ბაქრაძემ.
„ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა გიგი წერეთელმა კი ფინანსთა მინისტრს უთხრა, რომ რეგიონებში სიის შედგენა ნეპოტიზმით ხდება, ამიტომაც ადამიანებისთვის სიაში მოხვედრა ძალიან რთულია.
„ვინ რა უნდა დაადასტუროს, გამგებლები წერენ სიას, იცით ამის შესახებ?", - განაცხადა გიგი წერეთელმა.
გიორგი კაკაურიძის თქმით კი, ბარიერები არ არსებობს - მთავარია ცნობის წარმოდგენა, რომლის საშუალებითაც ადამიანი შესაბამის სიაში მოხვდება.
„ბარიერი არ არსებობს - უნდა წარმოადგინონ ცნობა. მაღაზიაში თუ აბარებდა პროდუქტს, ეს საბუთი რომ მოიტანოს, ეგეც კი მისაღებია", - უპასუხა ოპოზიციონერებს გიორგი კაკაურიძემ.
შეგახსენებთ, რომ ოპოზიცია არ აპირებს ანტიკრიზისულ ბიუჯეტს მხარი დაუჭიროს - მათი განცხადებით, ბიუჯეტი არ ასახავს საზოგადოების საჭიროებებს.