logo
ENG



თიბისი ბანკზე თავდამსხმელს 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება - შსს

04 იან 202409:05
3 წუთის საკითხავი
 

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, თიბისი ბანკზე თავდამსხმელს 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.

როგორც უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, 1984 წელს დაბადებული გ.გ. ყაჩაღობისა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით არის დაკავებული. შსს-ს ცნობით, დაკავებული წარსულში ნასამართლევია.

"გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული თბილისში, თიბისი ბანკის ერთ-ერთ ფილიალში შეიჭრა და იარაღის მუქარით თანხის დაუფლებას შეეცადა, თუმცა განზრახვა სისრულეში ვერ მოიყვანა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. პოლიციამ, გატარებული საგამოძიებო მოქმედებებისა და ოპერატიული ღონისძიებების შედეგად, გ.გ. ცხელ კვალზე დააკავა. სამართალდამცველებმა დანაშაულის ჩადენის იარაღი ნივთმტკიცებად ამოიღეს. ყაჩაღობისა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვისა და ტარების ფაქტებზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე და 236-ე მუხლებით მიმდინარეობს. დანაშაული 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს", - წერია განცხადებაში.


close დახურვა