მიშა მშვილდაძის შოუ ბრუნდება. შოუ სახელწოდებით „თითქმის ყოველ დღე მიშა მშვილდაძესთან ერთად“ ახალ არხზე, „ფორმულაზე“ იწყება. ის, ვინც თითქმის ყოველ დღე ელოდებოდა მიმდინარე მოვლენების სარკასტულ-იუმორისტულ ანალიზს, ორშაბათიდან ხუთშაბათის ჩათვლით გადაცემას 23:00 საათზე, პარასკევს კი „ჩემი ცოლის დაქალების" დასრულებისთანავე ნახავს. ბევრ სიახლესთან ერთად არის რაღაცები, რაც არ იცვლება - ახალი იდეებისთვის შოუს წამყვანს და სცენარისტებს ძალიან მსუყე მასალას აძლევენ პოლიტიკოსები.
მიმდინარე ამბებს სცენარისტები აკვირდებიან და ზოგჯერ დაძაბული და მწვავე მოვლენების იუმორით დანახვას ცდილობენ. ამ ყველაფრის მაყურებლამდე მიტანის მოვალეობა მიშა მშვილდაძეს აკისრია. წამყვანი ამბობს, რომ არ არსებობს თემა, რომელსაც გადაცემაში გვერდს აუვლიან. გადაცემა მესამე არხზე თითქმის 1 წლის განმავლობაში გადიოდა. თავიდან მხოლოდ კვირაში ერთხელ და ასეც ერქვა - „კვირაში ერთხელ მიშა მშვილდაძესთან", ხოლო მას შემდეგ რაც გადაწყდა, რომ თითქმის ყოველდღე ეთერში უნდა ყოფილიყვნენ, გადაცემის სახელიც შეიცვალა და მას „თითქმის ყოველ დღე მიშა მშვილდაძესთან" დაერქვა.