თინა ბოკუჩავა ანრი ოხანაშვილის აპსუხისმგებლობის საკითხის დაყენებას ითხოვს. განცხადება "ნაციონალური მოძრაობის" წევრმა რადმენიმე წუთის წინ, კომიტეტის სხდომაზე გააკეთა, სადაც სხდომის თავმჯდომარემ ჟურნალისტებს დარბაზში შესვლის უფლება ისევ მისცა. ბოკუჩავამ მკაცრად გააკრიტიკა კომიტეტის თავმჯდომარე და აღნიშნა, რომ პარლამენტმა არა ნიკა მელიას უფლებამოსილების შეჩერებაზე, არამედ სწორედ ოხანაშვილისთვის მანდატის შეწყვეტის საკითხზე უნდა იმსჯელოს.
„ის, რაც აქ მოაწყვეს, ეს იყო სრულიად სამარცხვინო. ჟურნალისტებზე ძალადობდნენ, სცემეს ჟურნალისტები, მაშ შორის ქალი ჟურნალისტები. ანრი ოხანაშვილმა პასუხი უნდა აგოს ამ ყველაფერზე და მე ვაპირებ, რომ დავაყენო მისი უფლებამოსილება, თუ დღეს სრულიად ცინიკურად განიხილეს ნიკა მელიას უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხი საპროცედურო კომიტეტზე. აი ვისი უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხი უნდა განიხილონ, ეს არის ანრი ოხანაშვილის, რომლის უშუალო ბრძანებით იძალადეს მანდატურებმა ჟურნალისტებზე. სცემეს ჟურნალისტები, ოპერატორები, მათ შორის ქალები, ამას უყურებდა ადამიანთა კომიტეტის თავმჯდომარე სოფო კილაძე, მაგრამ დავალება გასცა ანრი ოხანაშვილმა და დღევანდელი პარლამენტი ნიკა მელიას უფლებამოსილების შეწყვეტას კი არ უნდა განიხილავდეს“, - განაცხადა თინა ბოკუჩავამ.
შეგახსენებთ, რომ მედიის წარმომადგენლები კომიტეტის დარბაზიდან ძალის გამოყენებით გააძევეს. ცოტა ხნის წინ კი იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილმა მედიის წარმომადგენლებს კომიტეტზე შესვლის უფლება მისცა.