logo
ENG



თსუ-ის რექტორმა აკაკი ჩიქობავასთვის შუამდგომლობას ხელი მოაწერა

30 იან 202408:58
3 წუთის საკითხავი
clock 589

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა, ჯაბა სამუშიამ ამავე უნივერსიტეტის ლექტორ აკაკი ჩიქობავასთვის შუამდგომლობას ხელი მოაწერა. 

სამუშიამ განცხადებით, მან ასევე პირადად გადასცა ადვოკატს შუამდგომლობა სასამართლოსთან მიმართებით. მისი თქმით, გამოცდების ჩაშლასთან დაკავშირებული მოთხოვნა აბსურდულია, რადგან საგანმანათლებლო პროცესი არის ის მიმართულება, რაზეც უნივერსიტეტია შექმნილი. 

ჩიქობავასა და ხასაიას გათავისუფლების მოთხოვნით თსუ-ში პროტესტი რამდენიმე დღეა გრძელდება. სტუდენტები უნივერსიტეტის კანცელარიაში რჩებიან, ოთახის დაკავებით ისინი აკაკი ჩიქობავასა და გიორგი ხასაიას საქმეზე ადმინისტრაციის დუმილს აპროტესტებენ. ჩიქობავა სწორედ თსუ-ს პროფესორია.

23 ნოემბერს, კეკელიძის N1-ში ხატიაშვილების ოჯახის გამოსახლების პროცესი მიმდინარეობდა. ადგილზე დაპირისპირება და ხმაური იყო. საცხოვრებელ კორპუსთან დილიდან შეიკრიბნენ მოქალაქეები, რომლებიც ბინიდან ოჯახის გამოსახლებას აპროტესტებდნენ.

პოლიციამ ჯერ სადარბაზოს კარი, შემდეგ კი ბინის კარი გაჭრა. რამდენიმე ათეული აქტივისტი კი ბინაში იყო გამაგრებული და პოლიციას იქ ელოდებოდა. რამდენიმესაათიანი დაპირისპირების შემდეგ, აღსრულების პოლიცია ბინაში შევიდა და სახლში გამაგრებულ მოქალაქეებს შენობა ძალით დაატოვებინა. პოლიციის თანამშრომლების შესვლის შემდეგ, სამართალდამცველებმა ისინი სათითაოდ, ძალის გამოყენებით გაიყვანეს. მანამდე, ქუჩაში ერთ-ერთი დაპირისპირების დროს, როდესაც აღსრულების პოლიცია რკინის კარის გაღებას ჩაქუჩით ცდილობდა, მაუწყებლის ჟურნალისტი მანქანიდან ჩამოაგდეს. გარდა ამისა, დაპირისპირების დროს დააკავეს ჟურნალისტი გელა მთივლიშვილი.

გამოსახლების პროცესში შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებმა ჯამში, 20 ადამიანი დააკავეს. ჩიქობავას და ხასაიას სისხლის სამართლის კოდექსით ედავებიან, 18 ადამიანი კი პოლიციელის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობის ბრალდებით დააკავეს.


close დახურვა