თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებმა ჰიბრიდული სწავლების მოთხოვნით აქცია გამართეს.
როგორც ისინი ჰყვებიან, უნივერსიტეტში 2 მაისიდან აუდიტორიული სწავლების განახლება იგეგმება, გაძვირებული ფასების გამო კი, სტუდენტებს ბინების ქირაობა არ შეუძლიათ.
ერთ-ერთი სტუდენტის, ეკატერინე მაისურაძის თქმით, რექტორმა მათ საერთო საცხოვრებელში ცხოვრება შესთავაზა, სადაც 150 ადგილია, უნივერსიტეტში კი რეგიონიდან 9 500 სტუდენტი ირიცხება. ამასთან, როგორც მან აღნიშნა, საერთო საცხოვრებლის შენობა ავარიულია და იქ ცხოვრება შეუძლებელია.
"დღეს შევიკრიბეთ იმიტომ, რომ ვაპროტესტებთ 2 მაისიდან აუდიტორიული სწავლების დაწყებას. ჩვენი მიზანი არის ის, რომ ბავშვებს რეგიონებიდან არ აქვთ საშუალება, რომ ორი თვით იქირაონ ბინები, ყველამ ვიცით ამჟამინდელი სოციალური მდგომარეობა, რაც გამოწვეულია ომიდან, ბინებია გაძვირებული დაახლოებით 3-ჯერ. 24 000 სტუდენტია თსუ-ში, აქედან 9 600 არის რეგიონიდან და 5 000-მდე სტუდენტებმა გამოთქვა პროტესტი ხელის მოწერით პეტიციაზე, რომელიც გაიგზავნა პარლამენტში, სამინისტროში, რექტორის სახელზეც, მაგრამ ჯერჯერობით განხილვის პროცესია., ამიტომ რექტორთან შეხვედრისას ამ პრობლემებზე. მან შემოგვთავაზა, რომ დაუთმობდა ადგილებს საერთო საცხოვრებელში, სადაც სულ 150 ადგილია, შენობები კი ავარიულია, ცხოვრება იქ შეუძლებელია"- თქვა მან.
გარდა ამისა, სტუდენტები ითხოვენ, რომ თსუ-ს რექტორის ბრძანების თანახმად, დაიწყოს საერთო საცხოვრებლის მშენებლობა, რომელიც 2018 წელს იგეგმებოდა.
"როდესაც თსუ-ს რექტორმა გამოსცა ბრძანება, რომ 2018 წელს დაიწყებოდა საერთო საცხოვრებლის მშენებლობა, სადაც იქნებოდა 3000 ადგილი, დღეს არაფერი არაა იქ აშენებული, ვითხოვთ საერთო საცხოვრებლის აშენებას. ასევე, ვითხოვთ იმას, რომ ეს სემესტრი ჩამთავრდეს ჰიბრიდული რეჟიმით, ამის რესურსი თსუ-ს გააჩნია. უბრალოდ ვითხოვთ, რომ მოგვცენ განათლების მიღების საშუალება" - თქვა მაისურაძემ.
სტუდენტები ასევე საუბრობენ უნივერსიტეტის დამოკიდებულებაზე და ამბობენ, რომ შეხვედრაზე რექტორს მათი პრობლემების მიმართ "ცინიკური დამოკიდებულება" ჰქონდა.
"როდესაც საინიციატივო ჯგუფი მივიდა რექტორთან და ვესაუბრეთ ჩვენს პრობლემებზე, გვითხრა, რომ პირბადის ქვეშიდან არ ჩანს, მაგრამ მას ეცინება ჩვენს გამოსვლებზე და ამ ყველაფერზე რეაგირება არ ჰქონია და აზრის ცვლილებას არ გეგმავს" - თქვა მაისურაძემ.