ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტს, რომელიც ბაგების საერთო საცხოვრებელში ცხოვრობს, კოვიდ-19 დაუდასტურდა.
თსუ-ს მიერ გავრცელებული განცხადების თანახმად, სტუდენტი ცხელების ცენტრში გადაიყვანეს. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.
"სტუდენტის დაინფიცირების წყაროს თსუ არ წარმოადგენს. თსუ-ში ადმინისტრაციული და აკადემიური რეგისტრაცია და სწავლა დისტანციურად მიმდინარეობს, შესაბამისად, დაინფიცირებულ სტუდენტს ლექტორებთან და სხვა სტუდენტებთან კონტაქტი არ ჰქონია.
თსუ ბაგების საერთო საცხოვრებელში გუშინვე ჩატარდა დეზინფექცია. ინფიცირებულ სტუდენტთან კონტაქტში მყოფი პირები გადაყვანილი არიან კარანტინში. საერთო საცხოვრებელში უსაფრთხოების ყველა ზომაა მიღებული.
საერთო საცხოვრებლისა და უნივერსიტეტის ადმინისტრაცია დაავადებათა კონტროლის ცენტრის რეკომენდაციების შესაბამისად მოქმედებს", - აღნიშნულია განცხადებაში.