თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები სასწავლო პროცესის ჰიბრიდული მოდელით გაგრძელებასა და ფინალური გამოცდების ონლაინ ჩატარებას კვლავ ითხოვენ.
ამ მოთხოვნებით, სტუდენტები უკვე რამდენიმე კვირაზე მეტია უნივერსიტეტში საპროტესტო აქციებს მართავენ და რექტორთან შეხვედრა სურთ.
ცოტა ხნის წინ, სტუდენტებმა რექტორის კაბინეტი დაიკავეს და თქვეს, რომ ტერიტორიას არ დატოვებენ იქამდე, სანამ გიორგი შარვაშიძე მათ არ შეხვდება.
სტუდენტები ამბობენ, რომ ადმინისტრაციის თანამშრომლები მათთან კონტაქტზე ჯერ კიდევ არ გამოსულან.
უნივერსიტეტის ეზოში პოლიცია იმყოფება.
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში 2 მაისიდან აუდიტორიული სწავლება განახლდა. სტუდენტები ითხოვდნენ, მიმდინარე სემესტრი ჰიბრიდულ ფორმატში გაგრძელებულიყო, მიზეზად კი ბინების გაძვირებას ასახელებენ და ამბობენ, რომ ქირაობა არ შეუძლიათ.
11 მაისს, განათლების სამინისტრომ თსუ-ს მოუწოდა, 2021-2022 სასწავლო წელი ჰიბრიდულ ფორმატში დაასრულოს, რის შემდეგაც, თსუ-მ გაავრცელა განცხადება, რომ სწავლა ჰიბრიდულ ფორმატში გაგრძელდებოდა, თუმცა ფინალური გამოცდები აუდიტორიაში ჩატარდებოდა.
ამასთან, თსუ-ს გადაწყვეტილებით, თბილისის გარდა საგამოცდო ცენტრები - ქუთაისსა და ახალციხეშიც მოეწყობა.