logo
ENG



თსუ-ში სტუდენტებზე თავდასხმის შემდეგ, კობახიძის გათავისუფლების მოთხოვნით აქცია ჩაინიშნა

17 ივნ 202315:09
3 წუთის საკითხავი
 
2023/06/17/gvqohvu5gbzfvv6.jpg

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტიდან ქართული ოცნების თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის გათავისუფლების მოთხოვნით აქცია დაანონსდა. აქცია დღეს, 18:00 საათზე უნივერსიტეტის მეორე კორპუსთან გაიმართება.

"ხელისუფლების მხრიდან ახალგაზრდებზე უდიდესი ზეწოლის პარალელურად, სიძულვილისა და ძალადობის ენამ აკადემიურ სივრცეშიც შეაღწია. ხელისუფლების მხრიდან წახალისებული ძალადობის მსხვერპლი უკანასკნელ დღეებში არაერთი სტუდენტი გახდა, რომელმაც საკუთარი სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების ფარგლებში ირაკლი კობახიძისა თუ მისი მსგავსი სხვა მოღალატეების ბრაზი გამოიწვია, რამეთუ მათ არ შეუძლიათ მიიღონ განსხვავებული აზრი", - აღნიშნავენ ორგანიზატორები.

აქცია მას შემდეგ ჩაინიშნა, რაც დღეს სტუდენტებს, რომლებიც კობახიძის ლექციის პარალელურად პროტესტის გამოხატვას ცდილობდნენ, უცნობი პირები თავს დაესხნენ და კიბიდან დააგორეს. მათი ვარაუდით, თავდამსხმელები კობახიძის "მიყვანილები" იყვნენ.

მოგვიანებით, ერთ-ერთი სტუდენტი ხეჩინაშვილის კლინიკაში გადაიყვანეს, თუმცა მან ადგილიდან გაავრცელა ინფორმაცია, რომ იქ "იარაღიანი პირები მიუგზავნეს", რომლებიც პირად მონაცემებს სთხოვდნენ.


close დახურვა