თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის განცხადებით, 15 ივნისს რექტორი ადმინისტრაციასთან ერთად, პროტესტის მონაწილე სტუდენტებს შეხვდა და მოლაპარაკების ფორმატში ერთობლივად, პუნქტობრივად განიხილეს სტუდენტთა ჯგუფის ძირითადი მოთხოვნები - სტუდენტური საერთო საცხოვრებლების საკითხი, უნივერსიტეტის ბიუჯეტის გამჭვირვალობა, რექტორის არჩევის წესი, ფინალური გამოცდების ფორმატი და სხვა.
როგორც თსუ-ის განცხადებაშია ნათქვამი, შეხვედრაზე შეთანხმდნენ, რომ თითოეული საკითხის შესაბამისად ჩამოყალიბდება სამუშაო ჯგუფები და პლატფორმები, სადაც სტუდენტებს შეეძლებათ, ადმინისტრაციასთან და აკადემიურ პერსონალთან ერთად, სამუშაო ფორმატში განიხილონ აქტუალური საკითხები, გამოიჩინონ ინიციატივა და მონაწილეობა მიიღონ შესაბამისი ცვლილებების განხორციელების პროცესში.
"უნივერსიტეტის ადმინისტრაციის ორგანიზებით თემატური სამუშაო ჯგუფები უკვე მზადაა სტუდენტებთან შესახვედრად და კონსტრუქციულ ფორმატში სამუშაოდ. რაც შეეხება ფინალური გამოცდების ფორმატს, თითოეული ფაკულტეტის ადმინისტრაციასთან ერთობლივად მიღებული გადაწყვეტილების თანახმად, ფინალური გამოცდები იწყება 20 ივნისს 3 საგამოცდო ცენტრში: თბილისში, ქუთაისსა და ახალციხეში.
იმ შემთხვევაში, თუ სტუდენტი ობიექტური გარემოებების გამო ვერ ახერხებს საგამოცდო პროცესში მონაწილეობას, მას მიეცემა საშუალება, მიმართოს თავისი ფაკულტეტის ადმინისტრაციას, რომელიც ინდივიდუალურად განიხილავს და შესაბამისი დასაბუთების შემთხვევაში სტუდენტებს შესთავაზებს გამოცდის გადატანას სექტემბერში. შესაბამისად, სტუდენტთა გარკვეულ ნაწილთან დაკავშირებული სირთულეებიც მოიხსნება", - წერია განცხადებაში.
***
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში 2 მაისიდან აუდიტორიული სწავლება განახლდა. სტუდენტები ითხოვდნენ, მიმდინარე სემესტრი ჰიბრიდულ ფორმატში გაგრძელებულიყო, მიზეზად კი ბინების გაძვირებას ასახელებენ და ამბობენ, რომ ქირაობა არ შეუძლიათ.
11 მაისს, განათლების სამინისტრომ თსუ-ს მოუწოდა, 2021-2022 სასწავლო წელი ჰიბრიდულ ფორმატში დაასრულოს, რის შემდეგაც, თსუ-მ გაავრცელა განცხადება, რომ სწავლა ჰიბრიდულ ფორმატში გაგრძელდებოდა, თუმცა ფინალური გამოცდები აუდიტორიაში ჩატარდებოდა.
ამასთან, თსუ-ს გადაწყვეტილებით, თბილისის გარდა საგამოცდო ცენტრები - ქუთაისსა და ახალციხეშიც მოეწყობა.
10 ივნისს მორიგი პროტესტისას სტუდენტებმა რექტორის კაბინეტი დაიკავეს და თქვეს, რომ ტერიტორიას არ დატოვებენ იქამდე, სანამ გიორგი შარვაშიძე მათ არ შეხვდება.
ამავე დღეს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტმა განაცხადა, რომ სტუდენტების პროტესტმა ძალადობრივი ფორმა მიიღო.
როგორც თსუ-ის განცხადებაშია ნათქვამი, დაპირისპირებისას სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას დაცვისა და უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლები დაშავდნენ.