ბათიმის ყოფილი მერის, გიორგი ერმაკოვის, არჩილ ვანაძისა და გოგა ლომაძის პროცესი ბათუმის საქალაქო სასამართლოში დღეს, 16 ოქტომბერს, 11 საათსა და 30 წუთზეა ჩანიშნული. ერმაკოვის ადვოკატი "ფორმულასთან" ყვება, რომ მათ ბათუმის მერიასთან შეთანხმებას მიაღწიეს, რომლის მიხედვითაც გამამტყუნებელი განაჩენის შემთხვევაში, ბრალდებულები ბიუჯეტისთვის მიყენებულ ზარალს აანაზღაურებენ.
"იმ შემთხვევაში, თუ კი ბრალდებულების მიმართ საბოლოო გამამტყუნებელი განაჩენი იქნება გამოტანილი, მაშინ ისინი თანხმობას აცხადებენ, რომ ზიანი ანაზღაურებულ იქნეს ნებაყოფლობით. ეს ნიშნავს იმას, რომ ჩვენ დარწმუნებულნი ვართ ჩვენს უდანაშაულობაში. შესაბამასიდ ვფიქრობთ, რომ არც ერთ ობიექტურ და სამართლიან სასამართლოს არ შეიძლება გაუჩნდეს რწმენა, რომ მათ ჩაიდინეს მართლაც შერაცხული დანაშაული, რაც აბსურდია. ორი სასამართლო პროცესია იწელება ამ საქმეზე გადაწყვეტილების მიღება და უკვე ველოდებით, რომ მოსამართლე გამოიტანს გადაწყვეტილებას და ეს იქნება გირაოს შეფარდება,"- განაცხადა გიორგი ერკმაკოვის ადვოკატმა, ლევან მახარაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ პროკურატურამ ბათუმის მერიის 7 მაღალჩინოსანი ბიუჯეტიდან თანხის მითვისების და სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ბრალდებით, 5 თვის წინ დააკავა. პროკურატურა მათ მილიონნახევარ ლარამდე თანხის გაფლანგვას ედავება.