logo
ENG



თუ გუნდმა მიიღო გადაწყვეტილება, ამაში ცუდი და ცინიკური არაფერია - კილაძე აბაზოვზე

23 ივლ 202016:13
3 წუთის საკითხავი
 
5iaihfcdntt64ln.jpg

პარლამენტის ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარის, სოფო კილაძის განცხადებით, ვინაიდან თემურ აბაზოვი სასამართლომ გაამართლა, მის პროპორციულ სიაში შეყვანაში "ცუდი და ცინიკური" არაფერი არის. 

"მესმის ოპონენტების ცინიკური დამოკიდებულების, მათ სხვანაირად არ შეუძლიათ, მაგრამ, როდესაც არის სასამართლოს გამამართლებელი განაჩენი, კონკრეტულ საკითხთან მიმართებით, ამ შემთხვევაში, რა თქმა უნდა, თუ იქნება გადაწყვეტილება გუნდში მიღებული, ამაში ცინიკური და ცუდი არაფერი არ არის", - განაცხადა კილაძემ. 

„ქართული ოცნების" წევრი აცხადებს, რომ დამნაშავის პასუხისგებაში მიცემა მხოლოდ ერთხელ ხდება, მეორედ და მესამედ კი ადამიანის გასამართლება დაუშვებელია.

„არაადამიანური დამამცირებელი მოპყრობა არის ყველანაირად მიუღებელი, თუმცა მე რამდენადაც ვიცი იყო სასამართლო ამასთან დაკავშირებით და დასრულდა სასამართლო პროცესი. ყველა ადამიანი, რომელიც ჩაიდენს დანაშაულს, ის ამ დანაშაულისთვის ერთხელ უნდა მიეცეს პასუხისგებაში. ორჯერ და სამჯერ დაუშვებელი არის პასუხისგებაში მიცემა.

ეს სასამართლო პროცესი დასრულდა, მე რამდენადაც ვიცი, ამ პირის გათავისუფლებით, ამიტომ ის არის ადამიანი, რომლის მიმართაც სასამართლომ მიიღო უკვე გადაწყვეტილება", - განაცხადა კილაძემ. 

გუშინ აბაზოვმა განაცხადა, რომ "ქართული ოცნებიდან" პროპორციული სიით არჩევნებში კენჭისყრა შესთავაზეს. დღეს "ქართული ოცნების" პრესსამსახურმა აბაზოვის პროპორციულ სიაში შეყვანასთან დაკავშირებით ინფორმაცია უარყო. 

აბაზოვმა დღეს "ფორმულას" განუცხადა, რომ პროპორციულ სიაში კენჭისყრასთან დაკავშირებით „ქართული ოცნებიდან" შეთავაზება ნამდვილად მიიღო, თუმცა არ დაუდასტურებია, კონკრეტულად ვინ გაუკეთა შეთავაზება. 

თემურ აბაზოვმა თანამდებობა 2019 წლის თებერვალში დატოვა. აბაზოვს მოქალაქის მიმართ დამამცირებელ და არაადამიანურ მოპყრობას სასამართლოში ედავებოდნენ - 2018 წელს დაკავებულიც იყო, თუმცა სასამართლომ მას გამამართლებელი განაჩენი გამოუტანა. 

 


close დახურვა