logo
ENG



თუ ოპოზიცია უარს იტყვის დიალოგზე, ესე იგი დესტაბილიზაცია სურთ - თალაკვაძე

13 თებ 202010:42
3 წუთის საკითხავი
 

პარლამენტის თავმჯდომარეს არჩილ თალაკვაძეს მიაჩნია, რომ ოპოზიციური პარტიების უარი ხელისუფლებასთან დიალოგზე იმის ნიშანია, რომ მათ დესტაბილიაზაცია სურთ.

არჩილ თალაკვაძე ოპონენტებს კვლავ დიალოგისკენ მოუწოდებს. 

"თითქმის 1 თვის განმავლობაში ოპოზიციამ ვერ მოახერხა კონკრეტული პოზიციის ჩამოყალიბება 100/50-ის შეთავაზებასთან დაკავშირებით, მათ სჭირდებოდათ გარკვეული მიზეზი, რომ დაეტოვათ მოლაპარაკებების ფორმატი, მაგრამ როგორც არ უნდა იყოს, ვფიქრობ, რომ არ უნდა აჩქარდნენ და დიალოგის გაგრძელება არის აუცილებელი. თუ ისინი უარს იტყვიან, კიდევ ერთხელ დადასტურდება, რომ მათი მიზანი არის დესტაბილიზაცია“, - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

გაერთიანებული ოპოზიცია კი მაჟორიტარულ ოლქებში საერთო დეპუტატობის კანდიდატების შერჩევაზე იწყებს მუშაობას. "ევროპული საქართველოს" წევრის აკაკი ბობოხიძის განცხადებით, ოლქების უმეტეს ნაწილში მათ ერთი კანდიტატი ეყოლებათ წარდგენილი.

"ყველა ოლქში შევთანხმდებით, იმის მიხედვით კონკრეტულ ოლქში სპეციფიკიდან გამომდინარე, რას გადავწყვეტთ უკეთესს - იქნება ერთი მაჟორიტარი თუ იქნება რამდენიმე საჭირო. თუმცა ვადასტურებ, რომ ძირითად ოლქებში, დაახლოებით 70-80% ოლქებში ერთი მაჟორიტარი აჯობებს“, - აკაკი ბობოხიძე.

"ნაციონალური მოძრაობის" წევრის ნიკა მელიას თქმით, ოპოზიცია ერთიანდება რათა ბიძინა ივანისვილის მმართველობა დაასრულოს. 

"ეს არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტი, რაზეც უნდა მოხდეს შეთანხმება. მთავარი არსი ამ შეთანხმების, რომ ოპოზიციურმა არხმა სხვა ოპოზიციურ კანდიდატს ხმა არ წაართვას და ყველანი ვიყოთ კონცენტრირებული გამარჯვებაზე და პრინციპზე „ყველა მინუს ერთი, მინუს ოლიგარქი“. აქ არ ხდება გაერთიანება, ხდება უბრალოდ ხელშეწყობა“, - აღნიშნა მელიამ.

კანდიტების შერჩევის პარალელურად კი ოპოზიცია, რეგიონებში გასვლას და 4 აპრილის მასშტაბური აქციისთვის მზადებასაც იწყებს. 

 

 


close დახურვა