logo
ENG



თუ ოცნება პოლიტპატიმრებს არ გაათავისუფლებს, ამას მკაცრი რეაგირება მოჰყვება - სერგი კაპანაძე

11 მაი 202010:22
3 წუთის საკითხავი
 

შეასრულებს თუ არა ხელისუფლება ოპოზიციასთან ჯერ კიდევ მარტში გაფორმებული ხელშეკრულების პირობებს - საკონსტიტუციო ცვლილებაზე კენჭისყრა ჯერ არ მომხდარა. ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები ფიქრობენ, რომ თუკი „ქართული ოცნება“ და კონკრეტულად ბიძინა ივანიშვილი ჯერ კიდევ მარტში გაფორმებული ხელშეკრულების პირობებს დაარღვევს, ქვეყნის პარტნიორებიდან იმაზე მწვავე წერილებს მიიღებენ, ვიდრე გასულ თვეებში იღებდნენ.    

„რაც არ უნდა ეცადოს ბატონი თალაკვაძე თუ სხვა წარმომადგენელები „ოცნების“, რომ გაამართლონ ამ შეთანხმების დარღვევა, თუ „ქართული ოცნება“ ამ შეთანხმებას დაარღვევს და არ გაათავისუფლებს პოლიტიკურ პატიმრებს, შეთანხმება ჩავარდება და ამას მოჰყვება შესაბამისი რეაქციები არა მხოლოდ ქვეყნის შიგნით. ეს გამოიწვევს უპირველესად პოლარიზაციას ისედაც დაძაბული საარჩევნო გარემოსი და ასევე, გამოიწვევს ძალიან მკაცრ რეაქციას ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების მხრიდან. დარწმუნებული ვარ, თუ „ქართული ოცნება“ და ბატონი ივანიშვილის გადაწყვეტენ, რომ არ შესრულდეს შეთანხმება, მთელი პასუხისმგებლობა დაეკისრებათ მათ და მოხდება ისეთივე ან უფრო მკაცრი რეაგირება, როგორც უკვე ვნახეთ“, - განაცხადა „ევროპული საქართველოს“ წევრმა სერგი კაპანაძემ.

დაპატიმრებული პოლიტიკოსების გათავისუფლების აუცილებლობაზე საუბრობს ასევე „ნაციონალური მოძრაობის“ წევრ ხატია დეკანოიძე. ის აცხადებს, რომ თუ პირობა არ შესრულდება, შეთანხმება აღარ შედგება და ამაზე პასუხისმგებლობა მმართველ გუნდს დაეკისრება.

„ჩვენი პოლიტიკური გუნდის აზრი და პოზიცია არის ის, რომ თუ პოლიტპატიმრები არ გათავისუფლდებიან, მაშინ ვალდებულება და პასუხისმგებლობა ხელშეკრულების და შეთანხმების შეუსრულებლობაზე პირველ რიგში ეკისრება ხელისუფლებას. რა საკვირველია, პოლიტპატიმრების ნაწილში თუ არ იქნება შეთანხმება შესრულებული ჩვენ არ მივიღებთ ამ ფარსში მონაწილეობას, რაც ხელისუფლებას დაგეგმილი აქვს. მსგავსი შეთანხმებების და მოქალაქეების წინაშე აღებული ვალდებულებების შეუსრულებლობას ჩვენს მეზობელ ქვეყნებთან დაკავშირებით ძალიან ხშირად მოჰყოლია უმწვავესი რეაგირება“, - განაცხადა დეკანოიძემ.

„ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერი პოლიტიკოსების გათავისუფლების გარდა იმ სისხლის სამართლის საქმეების შეწყვეტის აუცილებლობაზე საუბრობს, რომლებიც მისი შეფასებით, პოლიტიკური მოტივით არის წარმოებული.

„უბრალოდ ეს ნერვებით თამაში მგონია მათი მხრიდან, რომელსაც ისინი აუცილებლად წააგებენ. ჩვენ ვართ მყარად იმ პოზიციაზე, რომ როგორც მოქმედი პოლიტიკური პატიმრები, ასევე წარმოებაში არსებული კიდევ უფრო მეტი სისხლის სამართლის საქმე, რომელიც არის აშკარად პოლიტიკური, უნდა იქნეს შეწყვეტილი. ბევრ საკითხზე ჯერჯერობით არ ჩანს პოზიცია, რომ ხელისუფლება აპირებდეს ოდირის და ეუთოს რეკომენდაციების გათვალისწინებას, რაც ასევე პრინციპული საკითხია“, - განაცხადა ლაშა ჩხარტიშვილმა.

შეგახსენებთ, რომ შეთანხმება, რომელიც ამერიკის ელჩის რეზიდენციაში, საერთაშორისო პარტნიორების დახმარებით გაფორმდა. დოკუმენტი ორ პუნქტის შესრულებას - პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლებასა და საარჩევნო სისტემის შეცვლას გულისხმობს. ხელშეკრულების თანახმად, 2020-ის არჩევნები 120/30 - ზე პროპორციით უნდა ჩატარდეს. 


close დახურვა