დეპუტატმა ქეთი თურაზაშვილმა მისი და მისი ოჯახის წევრების მიმართ მუქარის საქმეზე პროკურატურას გამოძიების დაწყებისთვის მიმართა. პარტია მოქალაქეების წევრი ამბობს, რომ დაემუქრნენ მის დას და ქმარს, ხოლო შვილი უსაფუძვლოდ ჩხრეკისთვის გააჩერეს.
თურაზაშვილის საჩივარში აღწერილია ყველა ის მუქარა, რაც ხორციელდება ოჯახის მიმართ ბოლო დღეებში. აქვს სატელეფონო საუბრის ჩანაწერი - თუ როგორ ურეკავენ მის დას და დეპუტატის გაჩუმებას სთხოვენ, წინააღმდეგ შემთხვევაში დეპუტატის ოჯახის სიცოცხლის ხელყოფით ემუქრებიან.
"ჩემს დას დაემუქრნენ, მათივე სიტყვებით რომ ვთქვა, თუ მე არ მივაყენებდი, საფრთხე დაემუქრებოდა ჩემს ქმარ-შვილს და მე უნდა მეფიქრა მათ უსაფრთხოებაზე და ჯანმრთელობაზე. ბოლო ერთი თვის განმავლობაში ჩემი და ჩემი ოჯახის წევრების მიმართ მიმდინარეობს განსაკუთრებული თვალთვალი. ჩემი შვილი, რომელიც დადის მოტოთი, სრულიად უკანონოდ გაჩხრიკეს, ყველანაირი დასაბუთებისა და პირადობის წარდგენის გარეშე. არც აუხსნეს რატომ ჩხრეკდნენ. 10 მაისს, როდესაც მე და ჩემი ქმარი, მცირეწლოვან შვილთან ერთად სახლში ვბრუნდებოდით, სახლთან დამხვდა პირბადებიანებით სავსე მანქანა, ტყუილი სანომრე ნიშნით", - ამბობს დეპუტატი.