ნათია თურნავა აცხადებს, რომ თანამდებობის დატოვებას არ აპირებს - მისი განმარტებით, დარწმუნებულია ნამოხვანჰესის სტრატეგიულობაში და ამიტომაც, აგრძელებს მუშაობას ჩვეულ რეჟიმში.
ეკონომიკის მინისტრის გადადგომას ნამოხვანჰესის წინააღმდეგ მიმდინარე აქციის მონაწილეები ითხოვენ, თუმცა თურნავა ამბობს, რომ აღნიშნული ჰესი, სხვა ჰესებთან ერთად, ქვეყნის ენერგოდამოუკიდებლობისა და სუვერენიტეტის გარანტიაა.
„ერთი წამით მაინც რომ ეჭვი მეპარებოდეს და არ ვიყო დარწმუნებული იმაში, რომ ქვეყნის დამოუკიდებლობა გადის ენერგოდამოუკიდებლობაზე და ეს პროექტი, ისევე როგორც სხვა ადგილობრივი გენერაციის პროექტები, ძალიან სტრატეგიულია ჩვენთვის, მე აქ დღეს თქვენ წინაშე არ ვიდგებოდი და არანაირი დამატებითი მოწოდება არ დამჭირდებოდა.
მაგრამ დარწმუნებულები ვართ რა, რომ ერთად უნდა ვაშენოთ ძლიერი ენერგეტიკული სისტემა, ერთად უნდა ვაშენოთ ისეთი სისტემა, რომელიც იქნება დამოუკიდებელი და რომელიც იქნება ჩვენი დამოუკიდებელი ეკონომიკისა და სუვერენიტეტის განმტკიცების საფუძველი და ნამახვანჰესი, როგორც ერთ-ერთი თვალსაჩინო კარგად მოკვლეული სრულყოფილი პროექტი, იქნება ამ სისტემის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი შენატანი, ამიტომაც ვაგრძელებთ მუშაობს.
ჩვენი გეგმა არის იგივე, რაც იყო - მხოლოდ და მხოლოდ დიალოგი, მხოლოდ და მხოლოდ კომუნიკაცია, მაგრამ ისევ ვამბობ, რომ კომუნიკაცია უნდა მოხდეს სწორ ფორმატში ექსპერტების და მეცნიერების ჩართულობით. შეუძლებელია, ქუჩის რეჟიმში ვისაუბროთ სეისმიკაზე, გეოლოგასა და ჰიდრონაგებობის მდგრადობაზე. ესაა საკითხი, რომელიც უპრიანია, გაირკვეს ექსპერტების ჩართულობით", - ამბობს ეკონომიკის მინისტრი.
გუშინ, 23 მაისს ნამახვანჰესის მშენებლობის მოწინააღმდეგეებმა რესპუბლიკის მოედანზე კარვები გაშალეს. მათივე თქმით, ხელისუფლებას ვადა 24 მაისის 12:00 საათამდე ჰქონდა, რათა მათი მოთხოვნები დაკმაყოფილებულიყო.
რესპუბლიკის მოედანზე შეკრებილი "რიონის მცველები" ითხოვენ:
- შეჩერდეს ნამახვანჰესის მშენებლობა, კომპანია ENKA-მ დატოვოს რიონის ხეობა;
- გაუქმდეს ნამოხვანის ჰესების კასკადზე 2015 წელს გაცემული სამშენებლო ნებართვა და ყველა სხვა მასზე დაფუძნებული დოკუმენტი;
- გამოცხადდეს მორატორიუმი ენერგოსექტორში;
- თანამდებობიდან გადადგეს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა;
- დადგეს ყველა იმ პირის პასუხისმგებლობის საკითხი, ვინც ჩართულია ამ პროექტში - აღიძრას სისხლის სამართლის საქმე, არა მარტო ნათია თურნავას მიმართ, არამედ ყველა იმ პირთან დაკავშირებით, ვინც ხელს აწერს კონკრეტულ დოკუმენტაციებს.