სემეკის ახლადარჩეული თავმჯდომარის, დავით ნარმანიას პოზიციას დენის ტარიფის შესაძლო ზრდასთან დაკავშირებით, საქართველოს მთავრობაში იზიარებენ. ეკონომიკის მინისტრი ნათია თურნავა აცხადებს, რომ სხვა ქვეყნებიდან დენის იმპორტის შემთხვევაში მისი ფასი დამოკიდებული იქნება არა ჩვენი ქვეყნის შიდა პოლიტიკაზე, არამედ სხვა ქვეყნების შიდა პოლიტიკაზე.
„უახლოეს პერიოდში არ მოველით, რომ ტარიფები გაძვირდება. თუმცა, თუ წლების განმავლობაში არ აშენდა ჰესები, რასაკვირველია, გაიზრდება იმპორტი და ჩვენი ტარიფები დამოკიდებული იქნება არა ჩვენს შიდა პოლიტიკაზე, არამედ სხვა ქვეყნების შიდა პოლიტიკაზე," - განუცხადა თურნავამ ჟურნალისტებს.
ინფრასტრუქტურის მინისტრი მაია ცქიტიშვილი კი ჰიდროელექტროსადგურების მნიშვნელობაზე საუბრობს და აცხადებს, რომ ქვეყნის ეკონომიკის განვითარებისთვის ჰესების მშენებლობა აუცილებელია.
„ენერგეტიკული სექტორი არის ის სექტორი, რომელშიც ხშირ შემთხვევაში, დაგვაკლდა ინვესტიციები მოსახლეობის პროტესტის გამო. ეს არის სსექტორი, სადაც ინვესტიციების განვითარებისთვის ძალიან დიდი პოტენციალი გვაქვს," - განაცხადა ცქიტიშვილმა.
შეგახსენებთ, რომ სემეკის თავმჯდომარე დავით ნარმანია 2020 წლის ბოლოსთვის ელექტროენერგიის ტარიფის ზრდას ვარაუდობს.