ეკონომიკის მინისტრი, ნათია თურნავა ეხმაურება ენერგო პრო ჯორჯიას განცხადებას დენის მოსალოდნელ გაძვირებასთან დაკავშირებით და აცხადებს, რომ იგი ვერ ჩაერევა მარეგულირებლის გადაწყვეტილებაში. მინისტრი დარწმუნებულია, რომ სემეკი მიიღებს დაბალანსებულ გადაწყვეტილებას, ორივეს, მომხმარებლისა და კომპანიის სასარგებლოდ.
"კანონმდებლობით, ტარიფების კალკულაციას და დადგენას ახორციელებს დამოუკიდებელი რეგულატორი სემეკი, რომელიც თავისი მეთოდოლოგიით ხელმძღვანელობს. დარწმუნებულები ვართ, რომ სემეკი მიიღებს დაბალანსებულ, ოპტიმალურ გადაწყვეტილებას, რომელიც ერთის მხრივ მომხმარებლის უფლებებს დაიცავს, მეორეს მხრივ კი ენერგოკომპანიებს მისცემს საშუალებას, უსაფრთხოდ მაიწოდონ ელექტროენერგია მომხმარებლებს. ამ ეტაპზე ჩვენ არ ჩავერევით მათ კომპეტენციაში" , - ამბობს ნათია თურნავა.
დღეს, 28 დეკემბერს კომპანია ენერგო-პრო ჯორჯიაში განაცხადეს, რომ ელექტროენერგიაზე სამომხმარებლო ტარიფის მნიშვნელოვანი ზრდა "სამწუხაროდ აუცილებელია".
კომპანიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ დღეს მოქმედი ტარიფი, დიდი ხანია, ვერ ანაზღაურებს "დრამატულად გაზრდილ ხარჯებს", ელექტროენერგიის შესყიდვის, თუ სხვა მიმართულებებით.
"უკვე 10 თვეა, მწვავე ფინანსურ კრიზისში ვართ, მოგვიწია განვითარების ყველა გეგმაზე უარის თქმა, საინვესტიციო პროექტების მნიშვნელოვნად შემცირება, გართულდა სახელფასო ფონდის დაფინანსებაც კი", - განაცხადა კომპანიის გენერალურმა დირექტორმა მიხეილ ბოცვაძემ.
კომპანიის დირექტორი ამბობს, რომ ახლა ჯერი ელექტროენერგიის მარეგულირებელ კომისიაზეა და სრული პასუხისმგებლობა მათ ეკისრებათ. იგი იმედს გამოთქვამს, რომ მარეგულირებელი კომისიის გადაწყვეტილება იქნება დაბალანსებული და შექმნილი მძიმე მდგომარეობის ადეკვატური.
სემეკში სხდომა ხვალ, 29 დეკემბერს გაიმართება, რის შემდეგაც გადაწყდება ელექტროენერგიის გაძვირების საკითხი.