ეკონომიკის მინისტრი ნათია თურნავა ეროვნული ვალუტის გაუფასურებას ეხმაურება და აცხადებს, რომ ხელისუფლება ლარის კურსის გამყარებისთვის ყველაფერს აკეთებს, რაც შეზღუდვების მოხსნასა და ეკონომიკის ამოქმედებაში გამოიხატება. ლარი გაუფასურებას განაგრძობს. ეროვნული ბანკის მონაცემებით, 1 დოლარი დღეს 3.3846 ლარი ღირს, ხოლო 1 ევროს 3.9840 ლარად შეიძენთ.
თურნავას თქმით, მთავრობაში მიმდინარეობს მსჯელობა თუ რა პირობით შეიძლება ქვეყანაში სახმელეთო საზღვრების გახსნა, რაც ქვეყანას დამატებით შემოსავლებს მოუტანს.
"ხელისუფლება ლარის კურსის სტაბილურობისთვის ყველაფერს აკეთებს, რაც ეკონომიკის ამოქმედებასა და შეზღუდვების მოხსნაში გამოიხატება.
ეროვნული ვალუტის სტაბილურობისთვის ხელისუფლება ეროვნულ ბანკთან კოორდინაციაშია. იცით, რომ ჩვენ უკვე მოვხსენით ძირითადი შეზღუდვები, რათა ტურიზმი აღდგეს; მიმდინარეობს ვაქცინაცია, რაც მესამე ტალღასთან დაკავშირებული გართულებების პრევენცია იქნება. ტურიზმი ქვეყანაში დამატებით ვალუტას შემოიტანს", - ამბობს მინისტრი.
თურნავას თქმით, მნიშვნელოვანია ადგილობრივი ენერგეტიკის განვითარებაც, რათა ელექტროენერგიის იმპორტი შემცირდეს და უცხოური ვალუტა არ გაედინებოდეს და რჩებოდეს ქვეყანაში.