სირიის ჩრდილოეთით მიმდინარე ოპერაციის შესახებ ისაუბრა პრესკონფერენციაზე თურქეთის ელჩმა საქართველოში. ფატმა სერენ იაზგანმა განაცხადა, რომ ეს ოპერაცია მიზნად ისახავს ტერორისტული ორგანიზაციების თავდასხმებისგან თურქეთის საზღვრის დაცვას და უსაფრთხო ზონის შექმნას. თურქეთის ელჩმა ასევე აღნიშნა, რომ წელიწადზე მეტია არსებობს შეთანხმება შეერთებულ შტატებთან, რომ მათ მიერ მხარდაჭერილმა ქურთმა მებრძოლებმა ქალაქ მუნბიჯიდან უკან უნდა დაიხიონ, მაგრამ ეს გარიგება დღემდე არ შესრულებულა.
„ანკარაში მიმდინარეობს შეხვედრა, თურქეთის პრეზიდენტსა და შეერთებული შტატების ვიცე-პრეზიდენტს შორის, ვერ გეტყვით როგორ დამთავრდება ეს შეხვედრა, მიტუმეტეს ვერ გეტყვით რა გადაწყვეტილებას მიიღებენ ვაშინგტონში. მაგრამ შემიძლიათ გითხრათ, რომ ჩვენ არ გვაქვს განსაზღვრული ოპერაციის ვადა, ჩვენ გვაქვს განსაზღვრული მიზანი. ეს არის ჩვენი საზღვრის დაცვა ტერორისტული ორგანიზაციების თავდასხმებისგან. ჩვენ გვქონდა შეერთებულ შტატებთან მიღწეული შეთანხმება რომ ქურთ ტერორისტებს, უნდა დაეხიათ უკან მანბიჯიდან, მაგრამ ეს შესრულებული არ ყოფილა. ჩვენ არ ვებრძვით ქურთ მოსახლეობას, ჩვენ გვინდა რომ ეს ტერიტორია დატოვონ, ქურთმა ტერორისტებმა და საზღვრის გასწვრივ შეიქმნას უსაფრთხო ზონა,“ - განაცხადა ფატმა სერენ იაზგანმა.
შეგახსენებთ, რომ მაიკ პენსი და მაილ პომპეო თურქეთში ჩავიდნენ. შეერთებული შტატების ვიცე პრეზიდენტი, სახელმწიფო მდივანთან ერთად ანკარას მნიშვნელოვანი მისიით სტუმრობს. მათ რეჯეპ ტაიპ ერდოღანი სირიის ოპერაციის შეჩერებაში უნდა დაარწმუნონ.
თავდაპირველად თურქეთის ლიდერი შეეცადა ამერიკულ დელეგაციასთან შეხვედრისთვის თავი აერიდებინა, მაგრამ ცნობილია, რომ მოლაპარაკებები მათ შორის მაინც გაიმართება.