ვითარება იძაბება თურქეთ-სირიის საზღვარზე. თურქეთის ხელისუფლებამ სასაზღვრო ტერიტორიაზე მძიმე ტექნიკა შეიყვანა. ტანკები მას შემდეგ განათავსეს, რაც ქვეყნის პრეზიდენტმა რეჯეფ ტაიპ ერდოღანმა ბაშარ ასადს ულტიმატუმი წაუყენა და თებერვლის ბოლომდე იდლიბიდან სამხედრო ძალის გაყვანა მოსთხოვა. თურქეთი რუსეთსაც თხოვს, დაუყოვნებლივ შეაჩეროს სირიის არმიის იერიშები იდლიბის რეგიონში. კრემლი კი აცხადებს, რომ იერიში იდლიბზე თურქეთის ტერიტორიიდან განხორციელდა.
კრემლში პირველად ადასტურებენ ინფორმაციას რუსი სამხედროების დაღუპვის შესახებ. სირიაში არსებული მძიმე მდგომარეობა, შესაძლოა, თურქეთისა და რუსეთის პირველი პირების შეხვედრის მიზეზი გახდეს. თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრის ცნობით, არ არის გამორიცხული უახლოეს დღეებში ანკარაში რეჯეფ ტაიპ ერდოღანთან მოსალაპარაკებლად ვლადიმერ პუტინი ჩავიდეს.