logo
ENG



თურქეთში ადვოკატი გარდაიცვალა, რომელიც სამართლიანი სასამართლოს მოთხოვნით 238 დღე შიმშილობდა

28 აგვ 202013:57
3 წუთის საკითხავი
clock 442
9stijonagboe2d6.jpg

გარდაიცვალა თურქი ადვოკატი ებრუ თიმთიქი, რომელიც სამართლიანი სასამართლოს მოთხოვნით 238 დღის განმავლობაში შიმშილობდა. ინფორმაციას გამოცემა Deutsche Welle ავრცელებს. 

"პროგრესულ ადვოკატთა ასოციაციის" ადვოკატი ებრუ თიმთიქი ტერორისტული ორგანიზაციის წევრობის ბრალდებით 2018 წლის 12 სექტემბერს დააკავეს. ადვოკატს თურქულმა სასამართლომ 13 წლითა და 6 თვით პატიმრობა მიუსაჯა. 

თიმთიქთან ერთად თურქეთის პროკურატურა ტერორისტულ ორგანიზაციასთან თანამშრომლობას სხვა 20-მდე ადამიანს ედავება. ბრალს არც ერთი მათგანი არ აღიარებს. 

თიმთიქმა 2020 წლის 2 იანვარს სამართლიანი სასამართლოს მოთხოვნით შიმშილობა დაიწყო. რამდენიმე თვეში სასამართლო მედიცინის ინსტიტუტმა შესაბამის ორგანოებს შეატყობინა, რომ თიმთიქი შიმშილობის შედეგად დამძიმებული ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო საპატიმროში ყოფნას ვერ გადაიტანდა, რის გამოც ადვოკატი საავადმყოფოში გადაიყვანეს. 

ჰოსპიტალიზაციის შემდეგ თიმთიქის ჯანმრთელობის მდგომარეობა უკიდურესად მძიმე იყო. ახლობლების ცნობით, ადვოკატს მეტყველება აღარ შეეძლო და მათთან კომუნიკაციას მხოლოდ თვალის დახამხამებით ახერხებდა. 

დღეს, 28 აგვისტოს ებრუ თიმთიქი სტამბოლის ერთ-ერთ საავადმყოფოში გარდაიცვალა. გარდაცვალების ოფიციალური მიზეზი ამ დრომდე უცნობია. 


close დახურვა