logo
ENG



თურქეთში ელჩის ცნობით, დილით საქართველოს ერთი მოქალაქის დაკარგვის შესახებ შევიდა ზარი

07 თებ 202312:04
3 წუთის საკითხავი
 

თურქეთში საქართველოს ელჩის, გიორგი ჯანჯღავა განცხადებით, დღეს დილით საქართველოს კიდევ ერთი მოქალაქის დაკარგვის შესახებ შეტყობინება მიიღეს, თუმცა ჯერჯერობით, ვერ ახერხებენ დაადგინონ, დაღუპულია თუ არა ის. ამის შესახებ მან ფორმულასთან სატელეფონო ჩართვაში ისაუბრა.

"ყველა ვიპოვეთ, პრინციპში, გუშინ ღამის განმავლობაში. დღეს დილით კიდევ ერთი ზარი შემოვიდა, იმას, ჯერჯერობით, ვერ ვპოულობთ. დანარჩენი ისევ ძველებურად არის, ორი გარდაცვლილი, ოღონდ მათი გამოყვანა ჯერ ვერ ხერხდება იმის გამო, რომ საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული და მოძრაობაა გადაკეტილი", - აღნიშნა ელჩმა.

ჯანჯღავას თქმითვე, იპოვეს ყველა ადამიანი, ვინც დაკარგულად მიიჩნეოდა, მათ შორის მიაკვლიეს ფეხბურთელებსაც.

თურქეთისა და სირიის საზღვარზე 7,8 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრის შედეგად ორივე ქვეყანაში სულ მცირე 4 890 ადამიანი დაიღუპა.

ბოლო მონაცემებით, თურქეთში დაიღუპა 3 381 ადამიანი, დაშავებულია კი 20 ათასზე მეტი. კატასტროფების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელის, ორჰან ტატარის თქმით, დაზიანებულია სულ მცირე 11 ათასი შენობა. ადგილზე 25 ათასზე მაშველი მუშაობს. მისივე განცხადებით, სამაშველო ოპერაციებისთვის 10 გემსა და 54 საჰაერო ტრანსპორტს იყენებენ.

ამავე დროს, სირიაში ამბობენ, რომ დაღუპულთა რიცხვი 1 509-მდე გაიზარდა. დაშავებულია სულ მცირე 3 500 მოქალაქე.

დამანგრეველი მიწისძვრის შემდეგ, რომელსაც 100-მდე ბიძგი მოჰყვა, სხვადასხვა ქვეყნიდან თურქეთსა და სირიაში ჰუმანიტარული და სამაშველო დახმარება გაიგზავნა.

სამშაბათს დილით ჰუმანიტარული დახმარებით დატვირთული თვითმფრინავები ერაყიდან და ირანიდან დამასკოს აეროპორტში ჩაფრინდა.

იაპონიის განცხადებით, თურქეთში სამაშველო ჯგუფს გაგზავნის. მაშველები გააგზავნა საქართველომ, აშშ-მა და ინდოეთმა. ევროკავშირმა გაააქტიურა კრიზისებზე რეაგირების მექანიზმი, ხოლო პალესტინიდან სამოქალაქო და სამედიცინო ჯგუფები სირიასა და თურქეთში გაემგზავრებიან.


close დახურვა