logo
ENG



თურქეთში რუსული პასპორტის დაწვისთვის დაკავებულის მამა: მარიამი ზეგ თბილისში გამოფრინდება

20 მარ 202421:30
3 წუთის საკითხავი
clock 766
2024/03/20/e26yclbecwsq3as.jpg

თურქეთში რუსეთის საელჩოსთან რუსული პასპორტის დაწვისთვის დაკავებულის მამის ინფორმაციით, მარიამ ფესვიანიძე ზეგ დილით საქართველოში გამოფრინდება. ამის შესახებ ის სოციალურ ქსელში წერს.

ლევან ფესვიანიძის განცხადებით, მისი ექსტრადიციის ხარჯები თურქულ მხარეს უნდა აეღო თავზე, თუმცა ეს შესაძლოა, სერიოზულად გაჭიანურებულიყო, ამიტომ ბილეთი შვილისთვის თავად აიღო.

"ზეგ დილით ის უნდა გადმოფრინდეს თბილისში. განსაკუთრებული მადლობა თურქეთში საქართველოს საელჩოს და საკონსულოს თანამშრომლებს, რომლებიც სწრაფად ჩაერთნენ სიტუაციაში და ყველაფერი გააკეთეს რაც მათ ძალებში იყო, რომ არ დაეშვათ მარიამის ექსტრადიცია რუსეთში და აეჩქარებინათ მისი დაბრუნება საქართველოში", - წერს ფესვიანიძე.

საქართველოსა და რუსეთის მოქალაქეობის მქონე ქალმა სტამბოლში, რუსეთის საელჩოს წინ რუსული პასპორტი პროტესტის ნიშნად 17 მარტს დაწვა. ის თურქმა სამართალდამცავებმა იმავე დღეს სახელმწიფო სიმბოლიკის შეურაცხყოფის მოტივით დააკავეს.

როგორც მამა ფორმულასთან ჰყვებოდა, თავდაპირველად ქალი ადმინისტრაციული წესით იყო დაკავებული, თუმცა მალევე აღმოაჩინა, რომ მას თურქეთი სისხლის სამართლის მუხლით ედავებოდა, მაგრამ კონკრეტულად რა დანაშაულისთვის, გაუგებარი იყო.

"ითხოვდა, გამასამართლეთო, იმიტომ, რომ მაკავებთ უსამართლოდ, მაკავებთ იმის გამო, რომ არაფერი დამიშავებია და მოვითხოვ, რომ გამასამართლონო, დამიმტკიცეთ, რომ რაღაც დავაშავე და მაშინ, საზღაურს გადავიხდიო. ასეთი რამ არ მომხდარა, შესაბამისად, ფაქტობრივად, ხდება მარიამის უსამართლო დეპორტაცია თურქეთიდან", - აცხადებდა ლევან ფესვიანიძე.

გარდა ამისა, მისივე ცნობით, ის თურქმა სამართალდამცავებმა ლტოლვილთა ბანაკში მოათავსეს და იქ არსებულ უმძიმეს პირობებზე საუბრობდა.

"არანაირი სამედიცინო მომსახურება იქ არსებობსო, რომ მომიყვანეს, იმ დღეს აქედან ორი ქალის გვამი გაიტანეს, რომლებიც გარდაიცვალნენო. სივრცეში, სადაც 100 ადამიანი უნდა იყოს განთავსებული, ვართ 200-ნი. ჰიგიენის დონე არის o-ზეო", - ამბობდა ის.

მისივე თქმით, საქართველოს საკონსულოსთან პირველივე დღიდან კავშირზე იყო.

"2 საათში საკონსულოს თანამშრომელი მივიდა პოლიციაში და მარიამს გაესაუბრა. მითხრა, რომ თურქებმა მიიღეს გადაწყვეტილება, რომ დააკავონო, 48 საათში მიიღებენ გადაწყვეტილებას, რომ ან გაათავისუფლონ, ან დეპორტაციის. ამის შემდეგ მარიამი გადაყვანილი იქნა", - აცხადებდა ლევან ფესვიანიძე ფორმულასთან.

მამა ეჭვობდა, რომ სავარაუდოდ, თურქეთისგან ქალის უმკაცრესად დასჯას რუსული მხარე მოითხოვდა და ის გაუგებარი ბრალდებით, სწორედ ამიტომ ჰყავდათ დაკავებული.

"დარწმუნებული ვარ, რომ ეს ამბავი როცა გახმაურდა და ვიდეო გამოჩნდა ინტერნეტში, რომელიღაც თანამშრომელმა რუსეთის საელჩოს ან უშიშროების, თავისი არხებით სთხოვა თურქ მეგობარს, რომ ეს ურჩი და საზიზღარი გოგო რაც შეიძლება მკაცრად დასაჯონ. ეს აზრი გავუზიარე საკონსულოს თანამშრომელს და მანაც დამიდასტურა, რომ დიდი ალბათობით, სწორედ ამიტომ მოხდა მარიამის ასე მკაცრად დასჯა", - აღნიშნავდა ფესვიანიძე.

 

close დახურვა