თურქეთში ხანძრების შედეგად დაღუპულთა რიცხვი 8-მდე გაიზარდა, 10 ადამიანი კლინიკაშია გადაყვანილი. ინფორმაციას Reuters ავრცელებს.
თურქეთის კურორტებზე ხანძრებს მე-5 დღეა, ებრძვიან. ოპერაციაში ქვეყნის მასშტაბით 600-მდე მეხანძრე-მაშველია ჩართული. ადგილებიდან ტურისტებისა და ადგილობრივების ევაკუაცია განხორციელდა.
გამოძიების ერთ-ერთი ვერსიით, ცეცხლი, შესაძლოა, განზრახ გაჩენილიც იყოს. დამნაშავეების პოვნის და დასჯის პირობა დადო რეჯეფ ტაიპ ერდოღანმა. ქვეყნის პრეზიდენტი სტიქიის ზონაში ჩავიდა და დაზარალებულებს შეხვდა.
ერდოღანმა ხუთი - ანტალიის, ადანის, მერსინის, მუგლასა და ოსმანის - რეგიონი სტიქიური უბედურების ზონად გამოაცხადა. მისივე თქმით, ხელისუფლება გამოყოფს 50 მლნ-მდე ლირას (6 მლნ დოლარს) ხანძრისგან გამოწვეული ზარალის აღმოსაფხვრელად.
თურქეთს დასახმარებლად სახანძრო თვითმფრინავები გაგზავნა უკრაინამ, აზერბაიჯანმა და რუსეთმა. დახმარების მზადყოფნა გამოთქვეს საქართველომ და საბერძნეთმა.